ჩემი პირველი ვიზიტი გინეკოლოგთან

კატეგორია: ჩემი სხეული

დედაჩემს უნდა, გინეკოლოგთან მივიდე, რაც მაშინებს. რას უშვება გინეკოლოგი ჩემნაირ ქალწულს ფიზიოლოგიური შემოწმებისას? მეგობრები მეუბნებიან, რომ ქალწულობას  დამაკარგინებს, რომ მეტკინება. რატომ უნდა მივიდე გინეკოლოგთან? მე არაფერი დამიშავებია. ბოიფრენდი არ მყავს, არავის არ ვხვდები. საერთოდ არაფერი არ მიქნია… გთხოვთ, დამეხმარეთ.

მართალი ხარ, ცუდი არაფერი გაგიკეთებია. გინეკოლოგთან ვიზიტი სასჯელი არ არის: გინეკოლოგთან ვიზიტი გულისხმობს რეპროდუქციული სისტემის შემოწმებას, როგორც ყოველ წელს შეიძლება ოჯახის ექიმი ან კლინიკაში გამოწმებდნენ.

მოზარდობისას, მოგვიანებით, მეტნაკლებად რეგულარული პერიოდის, სექსუალური ცხოვრების დაწყების შემდეგ, რეპროდუქციული ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის ან კითხვის გამო შეიძლება დაიწყო ყოველწლიური შემოწმება ან, უბრალოდ, გაესაუბრო გინეკოლოგს ან ექიმს, რომელსაც შეუძლია გინეკოლოგიური დახმარების გაწევა. სასურველია რეპროდუქციულ/სექსუალურ საკითხებზე ყოველ 1 ან 2 წელიწადში გაესინჯო, როგორც ზოგადი პრევენციის ნაწილი. სავარაუდოდ, დედა არ გსჯის. მას, ალბათ, უნდა, დაგეხმაროს, იზრუნო საკუთარ ჯანმრთელობაზე, განსაკუთრებით, თუ მას რაიმე პრობლემაზე ესაუბრე, მაგალითად, მწვავე ტკივილზე პერიოდის დროს.

უნდა წახვიდე თუ არა ექიმთან, როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ და ჯერ კიდევ არ ხარ სექსუალურად აქტიური (სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ გქონია ვაგინალური სექსი)? არა. ჯერ არ არის საჭირო, განსაკუთრებით, თუ პერიოდთან, მენჯის ან საშვილოსნოსთან დაკავშირებით პრობლემები ან დისკომფორტი არ გაქვს.

თუმცა, თუ ახლა წახვალ, როცა საერთოდ არ ხარ სექსუალურად აქტიური და არაფერი არ გაწუხებს (მაგ. მენსტრუალური ტკივილი ან პერიოდის არქონა), დიდი შანსია, შენი ვიზიტი არ გულისხმობდეს რეალურ გასინჯვას. ოჯახის ექიმი უბრალოდ გამოგკითხავს შენი ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. შეიძლება ეს უბრალოდ კონსულტაცია იყოს, სადაც შენ და შენი ექიმი ისაუბრებთ.

გინეკოლოგმა, ოჯახის ექიმმა ან ზოგადად ექიმმა შემოწმება უნდა მოარგოს შენს საჭიროებებს. ვფიქრობთ, რაც უფრო მალე დაიწყებ, მით უკეთესი, რადგან ეს დაგეხმარება ამ საჭირო ჩვევის გამომუშავებაში. გარდა ამისა, ხშირად ვამჩნევთ, რომ, რაც უფრო დიდი ხანი იცდიან ადამიანები, მით მეტად ეშინიათ, ღელავენ და აჭიანურებენ საჭირო შემოწმებას. ვინაიდან ჩვენი მკითხველების უმეტესობა ძირითადად მოზარდი და ახლგაზრაა და ბევრი უკვე სექსუალურადაც აქტიურია, რეკომენდაციას ვუწევთ ჩვენს მკითხველებს, წელიწადში ერთხელ მაინც მივიდნენ სექსუალური და რეპროდუქციული სისტემის შემოწმებაზე, რაც ხშირად გულისხმობს გინეკოლოგიურ შემოწმებას.

 

გინეკოლოგთან პირველი ვიზიტის ნუ შეგეშინდება, დარწმუნდი, რომ შენ ან დედაშენი ექიმს ეტყვით, რომ პირველი ვიზიტია. თავისუფლად თქვი, რომ ღელავ. ბევრი ადამიანი ნერვიულობს პირველ შემოწმებამდე. ექიმებმა იციან ეს და ეცდებიან, ემოციურად თავი კომფორტულად იგრძნო. სთხოვე ექიმს, გითხრას: 1) რას აკეთებს და რატომ, 2) როცა აკეთებს. შენი გადასაწყვეტია, ეტყვი თუ არა ექიმს, რა გჭირდება კომფორტისთვის. თუ გინდა, რომ დედა ოთახში შენთან ერთად იყოს ან გავიდეს, ორივეს უთხარი ამის შესახებ. თუ ექიმი მამაკაცია და ეს გაწუხებს, შეგიძლია სთხოვო, ოთახში ექთანი შემოიყვანონ. ესაუბრე ექიმს და, თუ ნებისმიერი მიზეზის გამო, ის ჩქარობს ან არ ითვალისწინებს შენს საჭიროებებს, გააუქმე ვიზიტი და იპოვე სხვა ექიმი.

თუ გასასინჯად მიდიხარ, აი, რა როგორ იქნება.

ეცადე, მოდუნდე, საპირფარეშოში შეხვიდე და შარდის ბუშტი და ნაწლავები გაითავისუფლო. საპირფარეშო გასვლა შემოწმებისას სასიამოვნო ნამდვილად არ არის.

ექიმი დაიწყებს შემდეგ პროცედურებს:

  • რამდენიმე კითხვას დაგისვამს შენს სამედიცინო ისტორიაზე. დედა დაგეხმარება პასუხების გაცემაში (თუ გთხოვეს, ვიზიტზე მარტო მიხვიდე, მაშინ თავად მოგიწევს პასუხების გაცემა);
  • მარტივი ფიზიკური შემოწმება, როგორც „ჩვეულებრივი“ შემოწმებისას. შეგიმოწმებს თვალებს, ყურებს, გულს, ფილტვებს, სისხლის წნევას და წონას;
  • მარტივი აბდომინალური (მუცლის) შემოწმება, რომლის დროსაც ექიმი დაამასაჟებს კუჭისა და მენჯ-ბარძაყის არეს და გკითხავს, სადმე ხომ არ გეტკინა;
  • ექიმმა შეიძლება აიღოს სისხლის ნიმუშიც მკლავიდან, რათა შეამოწმოს ჰორმონების დონე (რომელიც არასტანდარტული პერიოდის დროს შეიძლება შეცვლილი იყოს). შეიძლება ჩაგიტაროს სტანდარტული სისხლისა და შარდის ანალიზი სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე, განსაკუთრებით, თუ სექსუალურად აქტიური ხარ. თუ ასეა, იცოდე, რომ შეგიძლია ღიად გამოხატო საკუთარი სურვილი. ზოგიერთი ექიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში აკეთებს ამ ტესტებს, თუ პაციენტი ითხოვს;
  • ვიზიტამდე ან მის შემდეგ მოგცემენ ხალათს, რომელიც იმ შემთხვევაში უნდა ჩაიცვა, თუ ბიმონალურ და/ან სარკეებით შემოწმებას გადიხარ. როგორც წესი, მენჯის ღრუს შემოწმებამდე, ექიმი გულმკერდის არეს შეგიმოწმებს, რომლის დროსაც შენს სუნთქვას მოუსმენს, რათა შეამოწმოს, კვანძები ან სხვა ჩივილები ხომ არ გაქვს.

თუ ჯერ არ ხარ 21 წლის და არ გაქვს რაიმე სახის რეპროდუქციული პრობლემა, რომლის შემოწმებაც გინდა, შენი შემოწმება შეიძლება აბდომინალური (მუცლის ღრუს) შემოწმებითა და სისხლის ანალიზით დასრულდეს. თუ 21 ან მეტი წლის ხარ და პერიოდთან ან მენსტრუალური ციკლის რომელიმე ნაწილთან დაკავშირებით პრობლემა გაქვს ან რეპროდუქციული ხასიათის პრობლემა გაქვს (მაგ. მენჯის, საშვილოსნოს, ვაგინალური ან რექტალური ტკივილი ან დისკომფორტი, აუხსნელი ვაგინალური სისხლდენა ან სისხლის ლაქები ან ნებისმიერი უჩვეულო გამონადენი), მაშინ შემოწმება ისე გაგრძელდება, როგორც უკვე აღვწერეთ.

ყველა გინეკოლოგი არ იყენებს გინეკოლოგიურ სკამს, არც ზურგზე არ გაწვენს ბიმონალური ან სარკეებით შემოწმებისას. ზოგმა ექიმმა შეიძლება ჩვეულებრივ ან მასაჟის მაგიდაზე შეგამოწმოს, რომელზეც გულაღმა წევხარ. ასეთი შემოწმების მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ ბევრი ქალი გინეკოლოგიურ სკამზე ეშინია, თავს უფრო დაუცველად და შიშვლად გრძნობს. თუ სკამზე დაწოლა და ფეხების გაშლა გაშინებს ან უბრალოდ არ მოგწონს, შეგიძლია სთხოვო ექიმს, ისე შეგამოწმოს, რომ გულაღმა იწვე. ექიმს შეუძლია ბიმონალური შემოწმება ისე ჩაგიტაროს, რომ გინეკოლოგიური სკამის ფეხები შენ მხარეს იყოს და არა მაგიდის ფეხებთან.

 

ახლა ან მანამდეც, შეიძლება შეამჩნიო, რომ მაგიდას აქვს პედლები (ლითონის ფეხსადგამები). შეიძლება ექიმმა გამოსწიოს ეს პედლები და გთხოვოს, მუხლები ამ პედლებზე შემოაწყო და ტანით მაგიდაზე დაბლა ჩამოიწიო, ისე, რომ საჯდომით კიდეს ეყრდნობოდე.

ექიმი ჯერ უბრალოდ შეხედავს, როგორ გამოიყურება ვულვა – შენი გარე სასქესო ორგანოები – ხომ არ არის კვანძები, გამონაყარი, შეფერილობა ან უჩვეულო გამონადენი. შეიძლება ხელთათმანიანი თითი შეყოს ვაგინაში, რომ ნახოს, ჯირკვლები ჩირქს ან ლორწოს ხომ არ გამოყოფს შეხებისას.

ამის შემდეგ, ექიმმა შეიძლება ერთი ან ორი თითი მოათავსოს შენს ვაგინაში, მეორე ხელით კი მუცლის ღრუზე ან ტანზე დაგადოს – ამას ბინომალური შემოწმება ეწოდება. ის კუჭისა და მენჯ-ბარძაყის სხვადასხვა წერტილებზე ხელს დაგაჭერს და გკითხავს, სადმე ხომ არ გეტკინა. რა თქმა უნდა, ცოტა უცნაური შეიძლება იყოს, შენთვის უცნობ ადამიანს ხელი შენს სასქესო ორგანოებზე ედოს. ერთადერთი რამ შემიძლია გირჩიო. უნდა გაიაზრო, რომ ეს შემოწმება არაფრით განსხვავდება ყელის ღრუს ან ყურების შემოწმებისგან. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ჩვენს კულტურაში სხვადასხვა მნიშვნელობას ვანიჭებთ სასქესო ორგანოებს და ინტიმურობისადმი დამოკიდებულებაც განსხვავდება. გინეკოლოგი არ არის გარყვნილი, რომელსაც მთელი დღე ვაგინის ყურება უნდა. ის არის პროფესიონალი ექიმი, როგორც, მაგალითად, კარდიოქირურგი. გინეკოლოგები არიან ადამიანები, რომელთაც ჩვენი რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადარდებთ. არ უნდა იფიქრო, რომ ეს სიბინძურეა, რადგან ასე არ არის. შენ ზრუნავ შენ თავზე, იგივეს აკეთებს შენი ექიმიც.

შეიძლება სარკეებით შემოწმება არ დაგჭირდეს: მოქმედი პროტოკოლის თანახმად პაპ-ნაცხის აღება 21 წლიდან იწყება, თუ ტკივილი ან ინფექციაზე ეჭვი არ არსებობს.

სარკე არის სანიტარიული პლასტმასის ან მეტალის დამჭერი მოწყობილობა, რომელიც სხვადასხვა ზომისაა და გამოიყენება ვაგინის კედლების გაფართოებისთვის, რათა ექიმმა შეამოწმოს ვაგინის კედლები და საშვილოსნოს ყელი. თუ შეჩვეული არ ხარ, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს ვაგინაში რაღაც გაქვს. შეიძლება ცოტა გეტკინოს, მაგრამ ექიმი შეარჩევს შენთვის საჭირო ზომის სარკეს, რომ თავი არაკომფორტულად არ იგრძნო. ადამიანების უმეტესობა სარკეებით შემოწმებას არ ახასიათებს როგორც მტკივნეულს, მას უფრო უცნაურს უწოდებენ. შეიძლება შარდის ბუშტში დაჭიმულობა იგრძნო (შეიძლება უცებ ისეთი შეგრძნება დაგეუფლოს, თითქოს მოშარდვა გინდა, თუმცა რეალურად არ გინდა), როდესაც სარკეები ვაგინაშია. თუ ასე იგრძნობ თავს, უთხარი ექიმს, რომელიც სარკეებს გაასწორებს, რომ თავი უფრო კომფორტულად იგრძნო.

თუ ექიმთან ყოფნისას პაპ-ნაცხს აიღებ – ეს არის ტესტი, რომლითაც მოწმდება საშვილოსნოს ყელის ქსოვილის ცვლილება და გამოიყენება საშვილოსნოს ყელის სიმსივნის დასადგენად – ექიმი ამისთვის გამოიყენებს გრძელტარიან G ფორმის ინსტრუმენტს, რათა საშვილოსნოს ყელიდან ნაცხი აიღოს. ნაცხის აღება არ არის მტკივნეული, ცოტა უცნაური შეგრძნებაა, რადგან შეიძლება არ იყო შეჩვეული საშვილოსნოს ყელზე შეხებას.

ACOG რეკომენდაციას უწევს პაპ-ნაცხის აღებას 21 წლიდან. მოგიწევს თუ არა პაპ-ნაცხის აღება, ხშირად დამოკიდებულია შენს ექიმზე ან თავად შენზე. თუმდა დღეისთვის თითქმის ყველა სამედიცინო ასოციაცია თანხმდება, რომ ეს ტესტი უნდა გაკეთდეს 21 წლიდან ზემოთ (მათაც, ვინც სექსუალუად აქტიური არ არის). ეს ტესტი 1 ან რამდენიმე წელში ერთხელ უნდა გაკეთდეს. პაპ-ტესტის ჩატარების სიხშირე დამოკიდებულია შენი ქვეყნის სტანდარტებზე, შენს სხეულსა და ცხოვრების წესზე.

თუ პაპ-ნაცხმა პრობლემა არ აჩვენა, ხოლო სექსუალური გზით გადამდები ინფექციების ტესტიც უფრო ხშირად ტარდება, შესაძლებელია პაპ-ნაცხი ყოველ სამ წელიწაში ერთხელ აიღო.

თუ მაინც გაიკეთებ საშვილოსნოს ყელის შემოწმებას/აიღებ პაპ-ნაცხს და თან გაინტერესებს, როგორ გამოიყურება შენი საშვილოსნოს ყელი, შეგიძლია სთხოვო ექიმს, სარკე მოგიტანოს და გაჩვენოს. სხვათა შორის, ძალიან მაგარი სანახავია. თუ რაღაცების კეთება თავად გიყვარს, ზოგიერთმა გინეკოლოგმა, თუ სთხოვ, შეიძლება გაჩვენოს, როგორ უნდა ჩაიტარო თვითშემოწმება სარკით.

სარკის ამოღების შემდეგ, ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროს რექტალური შემოწმებაც, სადაც იგი ერთ თითს მოათავსებს შენს ანუსში, მეორეს კი – ვაგინაში. ეს იმისთვის, რომ დაინახოს, როგორ არის განლაგებული შენი საშვილოსნო სხეულის სხვა რეპროდუქციულ ორგანოებთან მიმართებაში. ზოგადად, ადამიანები ყველაზე არაკომფორტულად სწორედ ამ ნაწილს თვლიან, განსაკუთრებით, თუ არც შენ და არც სხვა ვინმეს აქამდე თითი არ მოუთავსებია შენს ანუსში. თუ ექიმმა იცის, რომ ეს შენი პირველი ვიზიტია, გჯეროდეს, რომ ის ნაზი და ფრთხილი იქნება და შეიძლება ეს შემოწმება არც ჩაგიტაროს. ის ყველაფერს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება ნაკლები დისკომფორტი შეგიქმნას.

იცოდე, მშობლებს არ შეუძლიათ, გაიძულონ ისეთი შემოწმების ჩატარება, რაც თავად არ გინდა, თუნდაც არასრულწლოვანი იყო. მართალია, ვფიქრობთ, რომ გინეკოლოგიური შემოწმება კარგია და ყველას ვურჩევთ, პრევენციული რეპროდუქციული შემოწმება ჩვევად აქციოს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ გაქვს არჩევანი ან უფლებები, როდესაც საქმე შენს ჯანმრთელობას ეხება. ეს არჩევანია და არა ვალდებულება. თუ რაიმე მიზეზით არ გინდა ამის გაკეთება, შეგიძლია უთხრა დედას. თუ დედას პირდაპირ ვერ ეუბნები, სთხოვე მიმღების თანამშრომელს, ექთანს ან ექიმს, რომლებიც აუხსნიან დედას, რომ გაქვს უარის თქმის უფლება.

 

სულ ესაა! სულ რამდენიმე წუთის ამბავია: მთელი ეს გინეკოლოგიური შემოწმება მხოლოდ რამდენიმე წუთი გრძელდება. ეს არ არის ხანგრძლივი პროცედურა. შემოწმების შემდეგ, ექიმმა შეიძლება გკითხოს, კითხვები ხომ არ გაქვს. ეს არის საუკეთესო დრო, იკითხო ყველაფერი, რაც გაინტერესებს ან გაწუხებს: როგორ გამოიყურება შენი სასქესო ორგანოები, როგორ მიდის პერიოდი, სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებული რისკები და ა.შ. გინეკოლოგთან ურთიერთობის დაწყების ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი ისაა, რომ ეს საშუალობას გაძლევს პირადი და უშუალო ურთიერთობა გქონდეს ადამიანთან, რომელსაც ნებისმიერ კითხვას დაუსვამ შენს სექსუალურ თუ რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე!

რაც შეეხება შენს ქალწულობას, წაიკითხე ჩვენი სტატია ქალწულობაზე.

ქალწულობა არ არის სამედიცინო ან ფიზიკური მდგომარეობა, ის ემოციური და კულტურული განმარტებაა და ადამიანების უმეტესობა მას სექსუალურ პარტნიორებს უკავშირებს და არა ჯანმრთელობას ან სასქესო ორგანოების მდგომარეობას. ექიმი (ან სხვა ვინმე) ვერ გეტყვის, ვის ჰქონდა ან არ ჰქონდა ვაგინალური აქტი ვაგინის სიგანის და სიმჭიდროვის ან აპკის მდგომარეობის მიხედვით. გინეკოლოგი ქალწულობას ვერ დაგაკარგინებს, თუმცა, თუ ამაზე ღელავ, შეგიძლია ექიმს წინასწარ დაელაპარაკო.

და კვლავ, გინეკოლოგთან ვიზიტი სასჯელი არ არის. ეს არის რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ნაწილი. შენი გინეკოლოგი შეიძლება გახდეს გულწრფელი და სანდო ინფორმაციის მიღების შესანიშნავი წყარო მთელი ცხოვრების განმავლობაში. ამიტომ ღრმად ჩაისუნთქე და გაიაზრე, რომ სექსუალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უნდა გაძლიერებდეს და არა პირიქით.