ჩასახვის საწინააღმდეგო აბები

კატეგორია: კონტრაცეფცია

რა არის ჩასახვის საწინააღმდეგო აბები?

  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შეიცავს 2 ჰორმონს (ესტროგენსა და პროგესტინს), რომელსაც ყოველდღიურად იღებ.

როგორ აფერხებს ფეხმძიმობას ჩასახვის საწინააღმდეგო აბები?

  • იმისთვის, რომ დაფეხმძიმდე, სპერმა უნდა მოხვდეს შენს ვაგინაში, მიაღწიოს საშვილოსნომდე და გაანაყოფიეროს ოვვულაციის დროს საკვერცხიდან გამოყოფილი კვერცხუჯრედი. ჩასახვის საწინააღმდეგო აბი ხელს უშლის ოვულაციას;
  • ჩასახვის საწინააღმდეგო აბი ასქელებს საშვილოსნოს ყელის (საშოს შესასვლელის) ლორწოს, რაც ართულებს საშვილოსნოში სპერმის მოხვედრასა და კვერცხუჯრედის განაყოფიერებას;

რამდენად ეფექტურია ჩასახვის საწინააღმდეგო აბები?

  • აბების ეფექტურობა არის 99%. ეს ნიშნავს, რომ, თუ 100 ადამიანი 1 წლის განმავლობაში იღებს აბს, მხოლოდ ერთი მათგანი შეიძლება დაფეხმძიმდეს;
  • აბის არასწორად გამოყენების შემთხვევაში, მისი ეფექტურობა 92-97%-მდე ეცემა;
  • თუ 24 ან მეტი საათის განმავლობაში არ მიიღებ აბს, დაფეხმძიმების რისკი კიდევ უფრო იზრდება.

როგორ უნდა მივიღო ჩასახვის საწინააღმდეგო აბები?

  • აბი მუშაობს 28-დღიანი (4-კვირიანი) ციკლით. ექიმი დაგინიშნავს 28 ან 21-აბიან შეფუთვას;
  • თუ 28-დღიანი შეფუთვა გაქვს, 21 დღის განმავლობაში (პირველი 3 კვირა), ყოველდღე თითო აბს დალევ, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში. შემდეგ ბოლო 7 დღის განმავლობაში (მე-4 კვირაში) დალევ ე.წ. „პლაცებოს“ აბებს. ეს აბები არ შეიცავს ჰორმონებს, უბრალოდ, გეხმარება ჩვევის შენარჩუნებაში, რომ არ დაგავიწყდეს აბების ყოველდღიურად, დღის ერთსა და იმავე დროს მიღება. პერიოდი ამ აბებისგან თავისუფალ კვირაში უნდა გქონდეს. ბოლო პლაცებოს აბის მიღების შემდეგ დაიწყებ ახალი შეფუთვის გამოყენებას;
  • თუ 21-აბიანი შეფუთვა გაქვს, 21 დღის განმავლობაში (პირველი 3 კვირა), ყოველდღე თითო აბს დალევ, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში. შემდეგ ბოლო 7 დღის განმავლობაში (მე-4 კვირაში) წყვეტ აბების მიღებას. პერიოდი ამ აბებისგან თავისუფალ კვირაში უნდა გქონდეს. მეოთხე კვირის ბოლოს იწყებ ახალი შეფუთვის გამოყენებას;
  • გახსოვდეს, თუ აბებს სწორად იღებდი და მომდევნო შეფუთვასაც დროულად დაიწყებ, ფეხმძიმობისგან აბებისგან თავისუფალ კვირაშიც დაცული ხარ, თუნდაც პლაცებოს აბებს არ იღებდე;
  • ზოგი ადამიანი აბებს უწყვეტად იღებს, რათა თავიდან აიცილოს პერიოდი. თუ ამის გაკეთებას აპირებ, ექიმს დაელაპარაკე;
  • თუ დაგაგვიანდა ან გამოგრჩა აბის მიღება, წაიკითხე შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქცია და/ან დაურეკე ექიმს, რათა გაიგო, გჭირდება თუ არა ექიმთან ვიზიტი და/ან ჩასახვის საწინააღმდეგო დამატებითი მეთოდი.

როგორ დავიწყო ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება?

  • თუ ექიმთან ერთად გადაწყვეტ, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები სწორი არჩევანია შენთვის, ექიმი მოგცემს რეცეპტს. ჩასახვის საწინააღმდეგო აბების ყიდვა შეგიძლია აფთიაქებში ან კლინიკებში;
  • თუ აბის მიღებას პერიოდის დაწყებიდან 5 დღის განმავლობაში დაიწყებ, ფეხმძიმობისგან მაშინვე ხარ დაცული;
  • თუ აბის მიღებას პერიოდის დაწყებიდან 6 ან მეტი დღის შემდეგ დაიწყებ, აბები მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ დაიწყებს მოქმედებას. ამ პერიოდში ფეხმძიმობის თავიდან ასაცილებლად შეგიძლია გამოიყენო თავდაცვის სხვა მეთოდები (მაგ. კონდომი ან სპერმიციდები);
  • ექიმმა შეიძლება გირჩიოს დამატებითი მეთოდის უფრო დიდი ხნით გამოყენება;
  • ზოგი ადამიანი ამჯობინებს აბის მიღებას პერიოდის დაწყების შემდეგ პირველ კვირა დღეს, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა სისხლდენა. ეს დაგეხმარება, მომდევნო პერიოდები კვირის ბოლოს არ დაგემთხვეს.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების გვერდითი მოვლენები

  • შეიძლება გქონდეს მცირე გვერდითი მოვლენები, მაგალითად, გულისრევა, მკერდის ტკივილი, უხასიათობა და/ან ლაქები (უმნიშვნელო სისხლდენა). როგორც წესი, პირველი 3 თვის შემდეგ ეს გვერდითი მოვლენები ქრება;
  • თუ 3 თვის შემდეგ ჯერ კიდევ გაქვს სერიოზული გვერდითი ეფექტები, შეგიძლია აბები გამოცვალო. რამდენიმე დასახელების აბები უნდა სცადო, სანამ არ იპოვი შენთვის სწორ ვარიანტს;
  • არსებობს მცირე რისკი, რომ აბების მიღების დროს გქონდეს სისხლის კოლტები, გულის შეტევა ან ინსულტი. მოწევა, სიმსუქნე და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ზრდის ამ რისკს. მეტი ინფორმაციისთვის დაელაპარაკე ექიმს;
  • სისხლის კოლტების ნიშნები შეიძლება იყოს: მხედველობის გაუარესება ან დაკარგვა, ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის პრობლემები, ძლიერი თავის, მუცლის ან ფეხების ტკივილი. თუ რომელიმე ეს სიმპტომი გაქვს, დაუყოვნებლივ მიმართე ექიმს.

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების უპირატესობა

  • თუ აბებს სწორად მიიღებ, დაფეხმძიმების შანსი ძალიან მცირეა;
  • სექსამდე ან მის შემდეგ არაფრის გაკეთება არ გიწევს;
  • პერიოდი უფრო ხანმოკლე, მსუბუქი, ნაკლებად მტკივნეული და უფრო რეგულარული ხდება;
  • აბები შველის აკნეს და სასარგებლოა ძვლების სიმტკიცისთვის;
  • აბი არ მოქმედებს შენს უნარზე, მომავალში დაფეხმძიმდე;
  • შენს პარტნიორ(ებ)ს არაფრის გაკეთება არ უწევს;
  • აბები ამცირებს საკვერცხეებისა და ენდომეტრიუმის სიმსივნისა და ფიბროზის რისკს;

ჩასახვის საწინააღმდეგო აბების უარყოფითი მხარეები

  • არ უნდა დაგავიწყდეს აბების ყოველდღიურად, დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში მიღება. შეგიძლია დააყენო მაღვიძარა ტელეფონზე ან აბი ისეთი საქმის დროს მიიღო, რასაც ყოველდღე აკეთებ;
  • თუ დაგავიწყდა ან დაგაგვიანდა აბის მიღება, დაფეხმძიმების რისკი იზრდება და შეიძლება ერთი კვირის განმავლობაში თავის დაცვის დამატებითი მეთოდის გამოყენება მოგიწიოს;
  • შეიძლება გქონდეს გვერდითი მოვლენები;
  • შეიძლება ვერ შეძლო აბების მიღება, თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს;
  • თუ შენ ან ოჯახის წევს ჰქონია მკერდის სიმსივნე ან აივ ინფექცია, მეტი ინფორმაციის მისაღებად დაელაპარაკე ექიმს;
  • თუ მწეველი ხარ და აბს იღებ, სისხლის კოლტების რისკი იზრდება;
  • აბის მისაღებად რეცეპტი გჭირდება;
  • აბები შეიძლება ძვირი იყოს;
  • აბები არ გიცავს სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან.

შენიშვნა: ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად, ტრანსგენდერები) არ იყენებენ ამ ტერმინებს საკუთარ სხეულზე საუბრისას, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ტერმინები, რომლებიც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

წყარო: plannedparenthood.org