შეუძლია აბორტს ჩემ მომავალ ორსულობაზე გავლენა იქონიოს?

კატეგორია: აბორტი

აბორტის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა მისი გავლენა მომავალ ორსულობებსა და ზოგადად, ფერტილობაზე. როგორც წესი, ეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო პროცედურაა და სწორად ჩატარების შემთხვევაში, ქალების უმეტესობა პრობლემებს არ განიცდის.

ფართოდ გავრცელებული სტერეოტიპების მიუხედავად, აბორტი არ ზრდის:

  • მომავალი ორსულობისას მუცლის მოშლის რისკს;
  • საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკს;
  • ადრეული მშობიარობის, თანდაყოლილი დეფექტების და/ან მცირეწონიანი ჩვილის გაჩენის შანსებს.

აქვს აღსანიშნავია, რომ ადამიანები, ვისაც აბორტი აქვთ გაკეთებული, არ განიცდიან ფსიქიკური ჯანმრთელობის მეტ პრობლემას ვიდრე ისინი, ვინც ორსულობას აგრძელებენ. დაბოლოს, კვლევებით არანაირი კავშირი არ დასტურდება აბორტსა და ძუძუს კიბოს გაზრდილ რისკს შორის.

დღესდღეობით, აბორტი ორჯერ უფრო ნაკლები საფრთხის შემცველია, ვიდრე გლანდების ოპერაცია, და ბევრად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მშობიარობა. მაგრამ, როგორც ნებისმიერი სამედიცინო ჩარევის შემთხვევაში, ყოველთვის არსებობს გართულების მცირე რისკები, რომლებიც იმის მიხედვით იზრდება, რაც უფრო გვიან ტარდება პროცედურა.

შესაძლო გართულებები

აბორტთან დაკავშირებული ძირითადი რისკებია:

  • საშვილოსნოს ინფექცია, რომელიც 10 ადამიანიდან 1-ს შეიძლება განუვითარდეს. როგორც წესი, მისი მკურნალობა ანტიბიოტიკებითაა შესაძლებელი;
  • ნაყოფის ნაწილების საშვილოსნოში ჩატოვება, რომელიც 20-დან 1 შემთხვევაში შეიძლება მოხდეს. ამ დროს აუცილებელია პროცედურის განმეორება;
  • ორსულობის გაგრძელება, რაც 100დან 1 შემთხვევაში ხდება. ამ დროსაც, აუცილებელია განმეორებითი სამედიცინო ჩარევა;
  • ჭარბი სისხლდენა, რაც 1000-დან 1 შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს. გარკვეულ ეტაპზე, შეიძლება სისხლის გადასხმა გახდეს საჭირო;
  • საშვილოსნოს ყელის დაზიანება, რაც ყოველი 100 ქირურგიული აბორტიდან ერთხელ შეიძლება მოხდეს;
  • საშვილოსნოს დაზიანება, რომელიც შეიძლება ყოველი 250 ქირურგიული აბორტიდან ერთხელ, ან ყოველი 1000 მედიკამენტოზური აბორტიდან 1 შემთხვევაში განვითარდეს.

როდის მივმართო ექიმს?

აბორტის შემდეგ არის იმის ალბათობა, რომ მენსტრუაციის ტიპის ტკივილები და/ან ვაგინალური სისხლდენა გქონდეს. როგორც წესი, ეს სიმპტომები ორ კვირაზე მეტ ხანს არ გრძელდება და რამდენიმე დღის შემდეგ ლაგდება. აუცილებლად მიმართე ექიმს, თუ:

  • გაქვს ჭარბი სისხლდენა, რომლის დროსაც დიდი ზომის თრომბები გაქვს, ან თუ ორი, ან მეტი მენსტრუალური საფენი გჭირდება ერთი საათის ვადაში;
  • განიცდი ტკივილს, რომელსაც ტკივილგამაყუჩებლები არ შველის;
  • გაქვს მაღალი ტემპერატურა;
  • გაქვს მძაფრი და უსიამოვნო სუნის მქონე ვაგინალური გამონადენი;
  • გაქვს ორსულობის სიმპტომები, მაგალითად გულზიდვა და მკერდის ტკივილი.

აბორტი გავლენას არ ახდენს მომავალში დაორსულებასა და ჯანმრთელი ფეხმძიმობის შანსებზე. ადამიანების უმეტესობას დაორსულება პროცედურის შემდეგვე შეუძლიათ, ამიტომ, ამის თავიდან ასარიდებლად, მიზანშეწონილია კონტრაცეფციის გამოყენება.

თუმცა, თუ პროცედურის შემდეგ საშვილოსნოს ინფექცია განვითარდა და მისი მკურნალობა დროზე არ მოხდა, არსებობს მცირე რისკი, რომ ამან ნეგატიურად იმოქმედოს შენ ფერტილობასა და მომავალ ორსულობებეზე. არსებობს იმის შანსიც, რომ ეს ინფექცია ფალოპის მილებსა და საკვერცხეებზეც გადავიდეს, რასაც მენჯის ანთებითი დაავადება ეწოდება. ამ უკანასკნელს უნაყოფობის, ან საშვილოსნოსგარე ორსულობის რისკების გაზრდა შეუძლია. აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ინფექციების უმეტესობის მკურნალობა ხდება მანამ, სანამ იგი უკიდურეს ეტაპამდე მივა და ხშირად, ექიმი ანტიბიოტიკებს მოგცემს ინფექციების რისკის შესამცირებლად.

აქვე აღსანიშნავია, რომ რამდენიმე აბორტი ხშირად დაკავშირებულია მომავალში ადრეული მშობიარობის დაწყებასთან. ამიტომ, პროცედურის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია შენზე მორგებული კონტრაცეფციის გამოყენება.

წყარო: www.nhs.uk; www.plannedparenthood.org