ყველაფერი მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შესახებ

კატეგორია: ორსულობა

ბოლო რამდენიმე წელია, მედია და საზოგადება სულ უფრო მეტს ლაპარაკობს მშობიარობის შემდგომ დეპრესიაზე. ალბათ, გაინტერესებს კიდეც, თავად ან შენს ნაცნობს თუ გამოუცდია ეს შეგრძნება.

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია აერთიანებს ემოციათა საკმაოდ ფართო სპექტრს, რაც შეიძლება ქალმა განიცადოს ბავშვის გაჩენის შემდეგ. მშობიარობის შემდგომი ხასიათის ცვლილებები იყოფა სამ  ქვეკატეგორიად: მცირე უხასიათობა, მშობიარობის შემდგომი დეპრესია და მშობიარობის შემდგომი ფსიქოზი.

ბოლო პერიოდში მშობიარობის შემდგომ ხასიათის აშლილობას დაემატა რადენიმე ახალი კატეგორია: მშობიარობის შემდგომი შფოთვა,ობსესიურ-კომპულსური აშლილობა და მშობიარობის შემდგომი პოსტ-ტრავმული აშლილობა.

რა არის “Baby Blues” რომელსაც ჩვენ მცირე უხასიათობა დავარქვით?

“Baby Blues” არის ყველაზე მსუბუქი მშობიარობის შემდგომი ხასიათის ცვლილება. ახალი დედების დაახლოებით 50-70% განიცდის რაიმე სახის ნეგატიურ ემოციებს ბავშვის გაჩენის შემდეგ. უმეტესად ეს ცვლილებები მოულოდნელად იჩენს თავს ბავშვის დაბადებიდან 4-5 დღეში.

ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • უმიზეზოდ ტირილი
  • ხასიათის ცვლილებები, შფოთვა, გაღიზიანება
  • ემოციების მოზღვავება
  • ჭამისა და ძილის რეჟიმის ცვლილებები

ეს სიმპტომები საკმაოდ არაკომფორტულია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში 1-2 კვირაში თავისით ქრება.

რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია?

ახალი დედების დაახლოებით 15% განიცდის მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. სიმპტომებმა შეიძლება თავი იჩინოს საკმაოდ ადრე, ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა სიმპტომები ჩნდება საკმაოდ გვიან, 1 წლის შემდეგაც. სიმპტომები შეიძლება იყოს სუსტიც და ძლიერიც, ისინი შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირა ან მეტი.

ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • გადაღლილობის შეგრძნება
  • უიმედობის, მოწყენილობისა და ემოციებისგან გადატვირთვის შეგრძნება
  • ცუდი ძილი და ჭამის რეჟიმის დარღვევა
  • დანაშაულისა და უმნიშვნელობის შეგრძნება
  • ინტერესის დაკარგვა ისეთი აქტივობების მიმართ, რომლებიც ადრე სიამოვნებას გვანიჭებდა
  • ოჯახისა და მეგობრებისთვის თავის არიდება
  • ბავშვის მიმართ ინტერესის ნაკლებობა
  • საკუთარი თავისთვის ან ბავშვისთვის ზიანის მიყენების შესახებ ფიქრები

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მშობიარობის შემდგომ დეპრესიის სირთულე დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევაზე და ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს. ამ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ყველა ქალი უნდა დაელაპარაკოს ექიმს. მკურნალობა შეიძლება გულისხმობდეს როგორც თერაპიას, ისე მედიკამენტურ მკურნალობას.

რა არის მშობიარობის შემდგომი შფოთვა?

მშობიარობის შემდგომი შფოთვა აღენიშნება ახალი დედების დაახლოებით 10%-ს. ახალ დედებს შეიძლება ჰქონდეთ მხოლოდ შფოთვა. იგი შეიძლება თან ახლდეს დეპრესიასაც. მშობიარობის შემდგომ შფოთვას შეიძლება თან ახლდეს პანიკური აშლილობა და ახასიათებდეს პანიკის შეტევები შფოთვის პარალელურად.

ამ მდგომარეობას ხშირად ახასიათებს:

  • ჭამისა და ძილის რეჟიმის ცვლილებები
  • მოზღვავებული შეგრძნებები, რომ შენ არ გაქვს კონტროლი
  • მუდმივი ღელვის შეგრძნება
  • შიშის შეგრძნება, რომ რაღაც ცუდი მოხდება
  • წყნარად ჯდომისა და ფოკუსირების გაძნელება
  • ფიზიკური სიმპტომები: თავბრუსხვევა, გულისრევა, ალები (მოულოდნელად სიცხის შეგრძნება).

მშობიარობის შემდგომი შფოთვა სრულად იკურნება. აუცილებელია, სიმპტომების გაჩენიდან მალევე მიმართოთ ექიმს, რათა მოხდეს სწორი მკურნალობის კურსის შერჩევა.

რა არის მშობიარობის შემდგომი ობსესიურ-კომპულსური აშლილობა.

ეს მდგომარეობა ერთ-ერთი ახალი ქვეკატეგორიაა, რომელიც ახლახანს დაემატა მშობიარობის შემდგომ დეპრესიას. ის ახასიათებს ახალი დედების დაახლოებით 3-5%-ს.

ყველაზე ხშირი სიმპტომებია:

  • გამუდმებით ბავშვის უსაფრთხოებაზე ფიქრი
  • საკუთარი თავის იძულება, მუდმივად აკეთო ერთი და იგივე საქმე (მაგალითად, დალაგება, ბავშვზე ზრუნვა, უკვე გაკეთებული საქმის თავიდან გაკეთება, რადგან ქალი გრძნობს თავიდნა გაკეთების საჭიროებას).
  • შეიძლება ქალი ხვდება თავის სიმპტომებს, მაგრამ ერიდება და რცხვენია ამის გამო
  • ბავშვთან მარტო დარჩენის შიში

უმეტესად ქალები გრძნობენ, რომ მათი საქციელი არ არის ნორმა, მაგრამ ერიდებიან ამაზე საუბარს. ეს მდგომარეობა ხელს უშლით მათ, ისიამოვნონ ბავშვის გაზრდის პროცესით. სწორი მკურნალობა ხშირად მთლიანად აქრობს სიმპტომებს.

რა არის მშობიარობის შემდგომი პოსტტრამვული აშლილობა?

მშობიარობის შემდგომი პოსტტრამვული აშლილობა ახასიათებთ იმ ქალებს, რომლებმაც მშობიარობის დროს ან ბავშვის გაჩენიდან მალე ტრავმა მიიღეს. ქალების დაახლოებით 1-6% განიცდის მშობიარობის შემდგომ პოსტტრავმულ აშლილობას. ამგვარი აშლილობა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა ტრავმებმა:

  • დაუგეგმავი საკეისრო კვეთა
  • მოულოდნელი გართულებები
  • მშობიარობა, რომელიც საჭიროებდა ინვაზიურ ჩარევას
  • ბავშვის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსების საჭიროება
  • მხარდაჭერისა და დახმარების ნაკლებობა მშობიარობის დროს
  • კომუნიკაციის ნაკლებობა ექიმსა და დამხმარე პერსონალთან
  • უძლურობის შეგრძნება მშობიარობისას

სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:

  • კოშმარები და მოულოდნელი მოგონებები მშობიარობის ტრავმის შესახებ
  • შფოთვა და პანიკის შეტევები
  • რეალური ცხოვრებისგან მოწყვეტის შეგრძნება
  • უძილობა, გაღიზიანება, მუდმივად სიფხიზლე და ძილის გართულება
  • იმ ხალხისთვის, ადგილებისა და სუნებისთვის თავის არიდება, რომლებიც ტრამვას გახსენებს

ამ შემთხვევაშიც აუცილებელია, მივმართოთ ექიმს და დაუყოვნებლივ დავიწყოთ მკურნალობა.

რა არის მშობიარობის შემდეგი ფსიქოზი?

მშობიარობის შემდეგი ფსიქოზი მშობიარობის შემდგომი დეპრესიის ყველაზე რთული და ამავდროულად იშვიათი შემთხვევაა. ის ყოველი 1000 ახალი დედიდან მხოლოდ 1 ან 2 ქალს ემართება. სიმპტომები მოულოდნელად ჩნდება და უმეტესად ძალიან ძლიერია.

სიმპტომები ხასიათდება რეალობასთან კავშირის დაკარგვით და შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • უცნაური ქცევა
  • თვითმკვლელობაზე ფიქრი
  • ჰალუცინაციები
  • ბავშვისთვის ზიანის მიყენების შესახებ ფიქრები
  • განწყობის ხშირი და ძლიერი ცვლილებები
  • ჰიპერაქტიურობა

მშობიარობის შემდგომი ფსიქოზის შემთხვევაში საჭიროა სწრაფი რეაგირება.

თუ შენ გარშემო ვინმეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია აქვს, ძალიან დაეხმარები, თუ ეტყვი, რომ მარტო არ არის და ბევრი ქალი განიცდის ამ სიმპტომებს. აუხსენი, რომ ექიმთან საუბარი და შესაბამისი მკურნალობა ხშირად მალევე იღებს შედეგს და ქალი უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.

რა შეიძლება იწვევდეს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?

აღნიშნული მდგომარეობის გამომწვევი ერთი კონკრეტული მიზეზი არ არსებობს, თუმცა ემოციურმა და ფიზიკურმა პრობლემებმა შეიძლება ხელი შეუწყოს.

  • ფიზიკური ცვლილებები: ბავშვის დაბადების შემდეგ ჰორმონების ესტროგენი და პროგესტერონი მკვეთრმა ვარდნამ შეიძლება ხელი შეუწყოს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარებას. ფარისებრი ჯირკვლის მიერ გამომუშავებული სხვა ჰორმონების ცვლილებამ შეიძლება თავი დაღლილად და დეპრესიულად გაგრძნობინოს.
  • ემოციური პრობლემები: როდესაც დარღვეული გაქვს ძილის რეჟიმია, შეიძლება მცირე პრობლემების მოგვარებაც კი გაგიჭირდეს. შფოთავდე იმაზე, რომ გიჭირს ბავშვის მოვლა, შეიძლება თავს ნაკლებად მიმზიდველად თვლიდე და გრძნობდე, რომ შენ ცხოვრებაზე კონტროლი დაკარგე. ყველა ამ შეგრძნებამ შეიძლება თავისი წვლილი შეიტანოს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარებაში.

რისკ ფაქტორები.

ნებისმიერ ქალს შეიძლება განუვითარდეს მშობიარების შემდგომი დეპრესია და არა მხოლოდ პირველი ბავშვის დაბადების შემდეგ. რისკი იზრდება, თუ:

  • შენ უკვე გქონია დეპრესია, ფეხმძიმობის ან სხვა დროს
  • გაქვს ბიპოლარული აშლილობა
  • შენ უკვე გქონდა მშობიარობის შემდგონი დეპრესია წინა ფეხმძიმობის შემდეგ
  • შენი ოჯახის წევრებს ჰქონიათ დეპრესია ან სხვა სახის აშლილობები
  • შენს მშობიარობას წინ უძღვოდა სტრესული მოვლენები, გართულებები ფეხმძიმობისას, სამსახურის დაკარგვა ან ავადმყოფობა
  • შენს ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები ან განსაკუთრებული საჭიროებები
  • შენ გყავს ორი, სამი ან მეტი ტყუპი
  • გიჭირს და პრობლემურია ძუძუთი კვება
  • პრობლემები გაქვს პარტნიორთან
  • განიცდი დახმარებისა და მხარდაჭერის ნაკლებობას
  • გაქვს ფინანსური პრობლემები
  • ფეხმძიმობა არ იყო დაგეგმილი ან სასურველი

პრევენცია

თუ შენ ოდესმე გქონია დეპრესია, უთხარი შენს ექიმს ფეხმძიმობის დაგეგმავდე ან მაშინ, როგორც კი გაიგებ, რომ ფეხმძიმედ ხარ.

  • ფეხმძიმობის განმავლობაში: შენი ექიმი აქტიურად უნდა აკვირდებოდეს დეპრესიის ნიშნებს. მან უნდა შეავსოს დეპრესიის კითხვარი ფეხმძიმობისას და მშობიარობის შემდეგ. ზოგჯერ მსუბუქი დეპრესია შეიძლება განიკურნოს მხარდაჭერისა და თერაპიის დახმარებით. სხვა შემთხვევებში შეიძლება დაინიშნოს ანტიდეპრესანტები, ფეხმძიმობის მიმდინარეობის დროსაც კი.
  • მშობიარობის შემდეგ შენმა ექიმმა შეიძლება დაგიბაროს შემოწმებაზე, სადაც მოხდება დეპრესიის ნიშნების სკრინინგი. რაც უფრო ადრე მოხდება დეპრესიის გამოვლენა, მით უფრო ადრე დაიწყება მისი მკურნალობა. თუ დეპრესია განვითარდა წინა ორსულობის დროსაც, ექიმმა შეიძლება გირჩიოს ანტიდეპრესანტებისა და თერაპიის კურსი ბავშვის დაბადებისთანავე.

რა უნდა გვახსოვდეს?

  • მშობიარობის შემდგომი დეპრესია შეიძლება დაემართოს ნებისმიერ ქალს, როგორც პირველი, ისე მომდევნო ბავშვის დაბადების შემდეგ.
  • მშობიარობის შემდგომი დეპრესია გამოწვეულია ჰორმონების მკვეთრი ცვლილებითა და სხვადასხვა ფაქტორებით, მისი განვითარება არ ნიშნავს, რომ ქალს ბავშვის გაჩენა არ გაუხარდა ან ის ცუდი დედაა. ბევრი ქალი განიცდის ხასიათის ცვლილებებს მშობიარობის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გარემოცვაში ამის შესახებ ცოტას ლაპარაკობენ, გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ.
  • გახსოვდეს, რომ სასურველია, დაელაპარაკო ექიმს, როგორც კი დეპრესიის ნიშნებს შეამჩნევ. თუ შენი ექიმი სერიოზულად არ აღიქვამს შენს სიმპტომებს, მიმართე სხვა ექიმს!
facebook sharing button Share