ყველაფერი მედიკამენტოზური აბორტის შესახებ

კატეგორია: აბორტი

მედიკამენტოზური აბორტი, რაც სპეციალური აბების დალევას გულისხმობს, ადრეული ორსულობის დასრულების უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა.

როგორ მოვემზადო მედიკამენტოზური აბორტისთვის?

აბების მიღებამდე კლინიკაში უნდა მიხვიდე, სადაც ორსულობის ტესტსა და ანალიზებს გაგიკეთებენ. შეიძლება ექოსკოპიაც ჩაგიტარონ იმის გასარკვევად, ორსულობის რა ეტაპზე ხარ და აბორტის რომელი ტიპი დაგჭირდება.

ექიმი, ან ექთანი, ყველაფერს გეტყვის იმაზე, როგორ მოემზადო აბორტის პროცედურისთვის. ასევე, მოგცემენ წერილობით ინსტრუქციების იმის შესახებ, როგორ უნდა დალიო მოცემული აბები. მთელი ამ პროცესის მანძილზე სამედიცინო პერსონალთან სრული წვდომა გექნება და შეგეძლება 24/7 დაუკავშირდე შეკითხვების, ან ჩივილების შემთხვევაში.

გახსოვდეს, რომ მეორე აბის მიღების შემდეგ, ჭარბი სისხლდენა გექნება, ამიტომ პროცესი წინასწარ ისე დაგეგმე, რომ თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნო. მედიკამენტოზური აბორტი შეგიძლია ჩაიტარო სახლში, ან ნებისმიერ შენთვის მშვიდ და კომფორტულ სივრცეში. ასევე შეგიძლია გვერდით (ან ახლოს) გყავდეს ვინმე, ვისაც ენდობი და ვისგანაც მხარდაჭერას გრძნობ.

მოიმარაგე ჰიგიენური საფენები, საჭმელი, წიგნები, ფილმები – ნებისმიერი რამ, რაც დროის სასიამოვნოდ გაყვანაში დაგეხმარება, და არ დაგავიწყდეს სათბურა მუცლის სპაზმებისთვის. მოიმარაგე ტკივილგამაყუჩებლებიც, მაგრამ არ დალიო ასპირინი, რადგან შეიძლება ამან მეტი სისხლდენა გამოიწვიოს.

როგორ მოქმედებენ აბები?

მედიკამენტოზური აბორტის დროს ორი განსხვავებული წამალი გამოიყენება: მიფეპრისტონი და მისოპროსტოლი.

ექიმი ჯერ მიფეპრისტონს მოგცემს. ორსულობის გაგრძელებისთვის აუცილებელია პროგესტერონის გამოყოფა, მიფეპრისტონი კი სხეულის მიერ გამოყოფილ ამ ჰორმონს ბლოკავს, რაც აჩერებს ორსულობას.

ამის შემდეგ, ექიმი მეორე აბს, მისოპროსტოლს მოგცემს – ან მაშინვე, ან 48 საათის განამვლობაში. ეს წამალი შეკუმშვასა და სისხლდენას უწყობს ხელს, იმისთვის რომ საშვილოსნო დაცარიელდეს. შეგრძნება ძალიან გავს ძლიერ და მტკივნეულ მენსტრუაციას, ხოლო პროცესი – ადრეულ მუცლის მოშლას. თუ მისოპროსტოლის მიღების შემდეგ 24 საათში სისხლდენა არ დაგეწყება, აუცილებლად მიმართე ექიმს.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ორივე წამალი მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მიიღო. ორივე წამალს და მათი მიღების სრულ ინსტრუქციას მიიღებ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ექიმმა შესაძლოა ანტიბიოტიკებიც მოგცეს ინფექციის პრევენციის მიზნით.

რამდენად ეფექტურია პროცედურა?

მედიკამენტოზური აბორტის გამომწვევი ტაბლეტები საკმაოდ ეფექტურია, თუმცა დამოკიდებულია იმაზე რა ეტაპზეა ორსულობა. ორსულობის მერვე კვირამდე მყოფებისთვის აბები 100დან 94-98 შემთხვევაში მოქმედებს; ადამიანებისთვის, რომლებიც ორსულობის 8-9 კვირაზე არიან – 100-დან 94-96 შემთხვევაში, ხოლო მათთვის, ვინც ორსულობის 9-10 კვირაზე არიან – 100-დან 91-93 შემთხვევაში მუშაობს.

თუ მედიკამენტოზურმა აბორტმა შედეგი არ გამოიღო, მიმართე ექიმს დამატებითი წამლებისთვის, ან ქირურგიული ჩარევისთვის.

როდის მივიღო აბები?

მედიკამენტოზურ აბორტს შენი ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან 70-ე დღემდე (10 კვირა) ნიშნავენ. 71-ე დღის შემდეგ, არასასურველი ორსულობის შესაწყვეტად ქირურგიული ჩარევაა საჭირო.

რატომ არჩევს ზოგი მედიკამენტოზურ აბორტს?

რა სახის აბორტი გირჩევნია ეს მთლიანად შენ პირად გადაწყვეტილებასა და სიტუაციაზეა დამოკიდებული. მედიკამენტოზური აბორტის უპირატესობად ბევრი იმას მიიჩნევს, რომ ამ პროცედურის გაკეთება ექიმის კაბინეტში არ გიწევს, და სურვილისა და ექიმის რეკომენდაციის მიხედვით, შეგიძლია სახლში, ან შენ მიერ არჩეულ უსაფრთხო და კომფორტულ სივრცეში ჩაიტარო. შენზეა დამოკიდებული ისიც, ამ დროს ვინ იქნება შენ გვერდით. დაბოლოს, რახან მედიკამნტოზური აბორტი თავისი პროცესით ძალიან ჰგავს მუცლის მოშლას, ბევრს უფრო „ბუნებრივი“ და ნაკლებად ინვაზიური ეჩვენება.

პროცედურამდე, შეგიძლია ექიმს გაესაუბრო იმის შესახებ, რომელი ტიპის აბორტია შენთვის უფრო მისაღები.

რა გავლენა ექნება მედიკამენტოზურ აბორტს მენსტრუაციაზე?

აბორტის შემდეგ რამდენიმე კვირის განმავლობაში ე.წ. spotting (მსუბუქი სისხლდენა, დალაქავება) ნორმალურია. ამ დროს შეგიძლია გამოიყენო ჰიგიენური საფენები, ტამპონები ან მენსტრუალური ჭიქა – რომელიც შენთვის უფრო კომფორტული იქნება. თუმცა, პროცედურიდან რამდენიმე დღის განმავლობაში, ექიმები ხშირად ჰიგიენურ საფენებს უწევენ რეკომენდაციას, რათა სისხლდენის რაოდენობა გააკონტროლონ.

აბორტი ახალ მენსტრუალურ ციკლს იწყებს, ამიტომ პერიოდი 4-8 კვირაში თავის თავდაპირველ სახეს უნდა დაუბრუნდეს.

როდის შემიძლია მქონდეს სექსი აბორტის შემდეგ?

მაშინვე, როგორც კი ამისთვის მზად იქნები.

მედიკამენტოზური აბორტის შემდეგ როდის შემეძლება კონტრაცეფციის გამოყენება?

კონტრაცეფციის გამოყენება აბორტის შემდეგ მაშინვე შეგიძლია დაიწყო. პროცედურის შემდეგ საკმაოდ მალე შეიძლება დაორსულება, ამიტომ, რეკომენდირებულია, რაც შეიძლება მალე გაესაუბრო ექიმს კონტრაცეფციის შენზე მორგებული მეთოდის არჩევასთან დაკავშირებით.

წყარო: www.plannedparenthood.org