ყველაფერი თანხმობის შესახებ

კატეგორია: სექსი

თანხმობა ნიშნავს, რომ ადამიანი თავისუფლად ეთანხმება რაღაცას. როცა საქმე სექსს ეხება, თანხმობა არის აუცილებელი ყოველი აქტის წინ.

რატომ არის თანხმობა მნიშვნელოვანი?

თანხმობა ნიშნავს, რომ ადამიანი თანახმაა, შენთან სექსუალური სახის აქტი ჰქონდეს. ეს შეიძლება იყოს კოცნა, შეხება, ორალური, ვაგინალური ან ანალური სექსი. ჩამოთვლილთაგან ნებისმიერის გაკეთებამდე უნდა გაირკვეს, რომ მონაწილე ადამიანებს უნდათ ამის გაკეთება.

გახსოვდეს, თუ გინდა, რაიმე ტიპის სექსუალური აქტი გქონდეს სხვა ადამიანთან, ჯერ უნდა ჰკითხო მას. თუ არ იკითხავ და ისე აკოცებ, შეეხები ან ჩაიდენ რაიმე სახის სექსუალურ ქმედებას, მას კი არ უთქვამს, რომ თანახმაა, გამოდის, რომ შენ არ გაქვს მისი თანხმობა და რასაც აკეთებ შეიძლება გაუპატიურება ან სექსუალური შევიწროვება იყოს. სწორედ ამიტომ არის თანხმობა მნიშვნელოვანი.

თანხმობის მიღება არც რთულია და არც უცნაური. რეალურად ეს სექსუალური სახის აქტივობას ნაკლებად უცნაურსა და დამაბნეველს ხდის, რადგან არსებობს ცხადი შეთანხმება. დანამდვილებით იცი, რომ მეორე ადამიანსაც ზუსტად იგივე უნდა.

თანხმობა უნდა იყოს:

ძალდაუტანებელი. ადამიანის ზეწოლა, მოტყუება ან დაშინება დაუშვებელია. შენ არ შეგიძლია თანხმობის მიცემა, როცა მთვრალი, ნარკოტიკული თრობის ქვეშ ან გულწასული ხარ.

შექცევადი. ნორმალურია, თუ დათანხმდები, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრებ. ნებისმიერ დროს! თუ აქამდეც დათანხმებულხარ და თუნდაც შიშველი უკვე საწოლში იყოთ.

გაცნობიერებული. მხოლოდ მაშინ შეგიძლია თანხმობის მიცემა, როცა ყველა დეტალი იცი. მაგალითად, თუ პარტნიორი გეუბნება, რომ კონდომს გამოიყენებს და შემდეგ არ აკეთებს, ითვლება, რომ სრული თანხმობა არ არის.

აღტაცებული. როცა საქმე სექსს ეხება, უნდა გააკეთო ის, რაც გინდა და არა ის, რაც სხვას უნდა. თუ ვინმე აღტაცებული (ბედნიერი, აღფრთოვანებული ან ენერგიული) არ არის, შეჩერდი და გადაამოწმე.

კონკრეტული. ერთ რამეზე კის თქმა (საძინებელში მოსაფერებლად შესვლა) არ ნიშნავს, რომ სხვა რამეზეც თანახმა ხარ (მაგალითად, სექსზე).

არსებობს კანონი, რომელიც განსაზღვრავს, ვის შეუძლია გასცეს თანხმობა. თუ, ადამიანი, ვისთანაც ხარ:

  • ალკოჰოლური ან ნარკოტიკული თრობის ქვეშაა
  • სძინავს ან გულწასულია
  • არასრულწლოვანია ან შენზე ბევრად უმცროსია
  • უუნაროა იმგვარად, რომ არ შეუძლია გაიგოს, რას სთხოვ

…მაშინ მას არ შეუძლია თანხმობის მოცემა და დაუშვებელია მასთან ნებისმიერი სახის სექსუალური აქტის ქონა.

როგორ გამოიყურება თანხმობა?

თანხმობა არის ცხადად, ბედნიერად და აღფრთოვანებით წარმოთქმული „დიახ“! სხვა არაფერი არ შეიძლება ჩაითვალოს თანხმობად.

ხოდა როგორ უნდა მიიღო თანხმობა? უბრალოდ იკითხე. თანხმობის თხოვნა ნამდვილი საჩუქარია: თქვი, რა გინდა და იკითხე, მასაც ხომ არ უნდა იგივე.

მაგალითი: ძალიან მინდა, რომ გაკოცო. შენ?

  • თუ ის იტყვის „დიახ“ და ბედნიერი ჩანს, ე.ი. თანახმაა და შეგიძლია აკოცო. აბა, შენ იცი!
  • თუ ის იტყვის „დიახ,“ მაგრამ არ ჩანს დარწმუნებული ან რაღაც აღელვებს, ე.ი. არ არის თანახმა. გადასამოწმებლად ჰკითხე „დარწმუნებული ხარ? არ არის აუცილებელი ამის გაკეთება“.
  • თუ ის იტყვის „არა,“ „არ ვიცი,“ ან საერთოდაც არაფერს ამბობს, ე.ი. არ არის თანახმა, უნდა გაჩერდე და ჰკითხო, რას გრძნობს/ფიქრობს.
  • გახსოვდეს: ერთ სექსუალურ აქტზე თანხმობა არ ნიშნავს, რომ ადამიანი ყველა დანარჩენზეც თანახმაა.
  • იცოდე, შენც და შენს პარტნიორსაც გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს გაჩერდეთ. ყურადღება მიაქციე, რას გეუბნება პარტნიორი და რამდენად ბედნიერია ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

ვთქვათ, ვინმესთან დაიწყე ურთიერთობა და ყველაფერი კარგად მიდის. ფიქრობ, რომ რამდენიმე კვირაში ისევ გექნებათ ურთიერთობა. მაინც თავიდან უნდა მოიპოვო ამ ადამიანის თანხმობა. არ არის საკმარისი თანხმობის ერთხელ მიღება, ის ყოველ ჯერზე საჭიროა.

შენ გაქვს უფლება, ნებისმიერ დროს თქვა უარი, თუნდაც წარსულში უკვე გაკეთებული გქონდეს მსგავსი რამ. ვინმესთან სერიოზული ურთიერთობაც რომ გქონდეს და უკვე არაერთხელ იყოთ ერთად, მაინც მნიშვნელოვანია თანხმობის მიღება. ყოველ ჯერზე დარწმუნდი, რომ პარტნიორი ამჯერადაც თანახმაა.

თუ ითხოვ თანხმობას და ადამიანი უარზეა, ეცადე, ემოციურად არ მიიღო. ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც გჭირს. ეს არც იმას არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს არ მოსწონხარ. უბრალოდ, ყველა ადამიანს თავისი საზღვრები აქვს.

თუმცა, როცა გაიგებ, რომ ადამიანს არ უნდა შენთან ყოფნა, შეწყვიტე თხოვნა. ეცადე, თავი ცუდად არ აგრძნობინო, რახან უარი გითხრა. არც მის გადარწმუნებას არ შეეცადო, რადგან ეს უპატივცემულობაა და საერთოდ არ არის სასიამოვნო.

თანხმობის მიცემა

თუ ადამიანი გთხოვს თანხმობას სექსუალური სახის აქტივობაზე და შენც გინდა ამის გაკეთება, თანხმობის მიცემა ადვილია. უბრალოდ, უნდა თქვა „დიახ“! შეიძლება თქვა „ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა!“ „გთხოვ, გააკეთე“ ან ნებისმიერი სხვა ფრაზა, რაც მოგწონს.

მაგრამ რა უნდა ქნა, როცა არ ხარ თანახმა? თუ ადამიანი, ვისთანაც ხარ, გთხოვს თანხმობას, უარის თქმა უფრო ადვილია. თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არც კი ითხოვს შენს თანხმობას, სანამ შეხებას, კოცნას, გახდას ან სხვა სექსუალური სახის ქმედებას იწყებს. ზოგჯერ რთულია ადამიანისთვის თქმა, რომ ამის გაკეთება არ გინდა. ნორმალურია, თუ მათი იმდგაცრუება არ გინდა, განსაკუთრებით, თუ მოგწონს ეს ადამიანი. თუმცა არ ხარ ვალდებული, ბოდიში მოიხადო ან რამე აუხსნა. საკმარისია „არა“ და „შეწყვიტე“.

აქ ჩამოთვლილია რამდენიმ გზა, როგორ თქვა „არა“:

  • ეს არ მომწონს;
  • ეს არ მაინტერესებს;
  • ამისთვის მზად არ ვარ;
  • დღეს ამის ხასიათზე არ ვარ;
  • მართლა მომწონხარ, მაგრამ ახლა ამის გაკეთება არ მინდა;
  • ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიზამ, თუ კონდომს გამოიყენებ;
  • იქნებ მოგვიანებით გვექნა?

თუ ადამიანი, ვისთანაც ხარ, გაიძულებს რამის გაკეთებას, ეს ნიშნავს, რომ ის არ სცემს პატივს შენს საზღვრებს, რაც არ არის კარგი.

თუ იტყვი „არა“ ან „შეწყვიტე,“ ის კი კვლავ აგრძელებს, იცოდე, რომ ეს სექსუალური შევიწროვებაა. არასდროს არ არის დასაშვები შენი შეხება შენი ნებართვის გარეშე. და შენი ბრალი არ არის, თუ ის ასე იქცევა. თუ სექსუალური შევიწროვების, ძალადობის ან გაუპატიურების მსხვერპლი ხარ, იცოდე, რომ შეგიძლია დახმარების მიღება.