ამ აქტს უამრავი ჟარგონით მოიხსენიებენ, თუმცა, რასაც არ უნდა უწოდებდე, მასტურბაცია სრულიად ჯანსაღი და ნორმალური მოვლენაა. ეს არის საუკეთესო გზა, გაიცნო საკუთარი სხეული და რა განიჭებს სიამოვნებას.
რა არის მასტურბაცია?
- მასტურბაცია არის საკუთარი გენიტალიების შეხება ისე, რომ სიამოვნება მიიღო;
- მასტურბაციით შეგიძლია დაკავდე მარტოც და სხვებთან ერთადაც;
- ზოგი მასტურბირებისას ხელს იყენებს, ზოგი – სხვა ნივთებს, მაგალითად: ბალიშს, ვიბრატორს, სექსუალურ სათამაშოს ან წყლის ჭავლს;
- ზოგიერთი ადამიანი საკუთარ წარმოსახვას მიმართავს, რომ სექსუალური ფანტაზიები და ფიქრები დაეხმაროს მასტურბირებისას.
ვინ მასტურბირებს?
- ადამიანების უმეტესობა მასტურბირებს, ნებისმიერი სქესის, შესაძლებლობების, სექსუალური ორიენტაციის, ეთნოსის, კულტურის, რელიგიისა და ასაკის, ურთერთობაში მყოფი თუ მარტოხელა ადამიანი;
- მასტურბირებისგან თავის შეკავებაც ნორმალურია.
რატომ მასტურბირებენ ადამიანები?
- მასტურბაცია სასიამოვნოა!
- მასტურბაცია კარგი საშუალებაა შეიცნო საკუთარი სხეული და გაიგო რა განიჭებს სიამოვნებას;
- მასტურბაცია გეხმარება მოემზადო სხვა ადამიანთან სექსისთვის;
- მასტურბაცია გეხმარება სტრესის მოხსნასა და მოდუნებაში;
- მასტურბაციის დროს არ არსებობს დაფეხმძიმებისა და სექსუალური გზით გადამდები ინფექციებით დაავადების რისკი;
- მასტურბაციას შეუძლია მოგიხსნას პრემენსტრუალური სინდრომის სიმპტომები.
შეიძლება მასტურბაციით დავკავდე პარტნიორთან?
- პარტნიორთან მასტურბაცია არის საკუთარი სექსუალობის გამოხატვის შესანიშნავი გზა, ისე, რომ არ გემუქრება დაფეხმძიმებისა და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკი.
შეიძლება მასტურბაცია მტკივნეული იყოს?
- მოკლე პასუხია – არა. მასტურბაცია არ არის მტკივნეული და არც ფიზიკურად ცვლის შენს სხეულს;
- მასტურბაციით ავად არ გახდები, არ დაბრმავდები, ზედმეტი თმა არ ამოგივა და არც შენი გენიტალიების ზომა არ შეიცვლება;
- ზედმეტი მასტურბაციით სექსუალურ შეგრძნებებს არ დაკარგავ;
- მასტურბაცია გავლენას არ მოახდენს შენს უნარზე მომავალში დაფეხმძიმდე, ან ვინმე დააფეხმძიმო.
რა სიხშირით მასტურბირება ითვლება ნორმად?
- არ არსებობს ჯადოსნური რიცხვი, რამდენჯერ შეგიძლია დაკავდე მასტურბაციით დღეში ან კვირაში;
- ზოგი ადამიანი დღეში რამდენჯერმე მასტურბირებს, ზოგი კვირაში რამდენჯერმე, სხვები – სულ სხვა სიხშირით და ასე. ყველა განსხვავებულია და მნიშვნელოვანია თავად გაარკვიო, რა მოგწონს;
- შეგიძლია იმდენჯერ მიმართო მასტურბაციას, რამდენჯერაც გაგიხარდება, თუ ეს სხვა აქტივობებს ხელს არ უშლის.
სასარგებლო რჩევები:
თუ მასტურბაციაზე იმდენ დროს ხარჯავ, რომ მეგობრებსა და ოჯახთან დროს ვეღარ ატარებ, ან სკოლასა და სამსახურში გაქვს პრობლემები, დაელაპარაკე ექიმს.