ქალის კონდომი

კატეგორია: კონტრაცეფცია

ქალის კონდომი არის კონტრაცეფციის მეთოდი, რომელიც დაგეხმარება, თავი დაიცვა როგორც არასასურველი ორსულობისგან, ისე სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან, მათ შორის აივ ინფეციისგანაც. აუცილებელია, იცოდე, რატომ არის საჭირო კონდომის გამოყენება. ზოგიერთ ქალს ურჩევნია, ქალის კონდომი გამოიყენოს, რადგან ამ შემთხვევაში მას არ უწევს მამაკაცის იმედად ყოფნა, რომ ის გამოიყენებს კონტრაცეფციის მეთოდს. ასე ის თავად აკონტროლებს თავის სექსუალურ ჯანმრთელობას.

თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ქალის კონდომები არაა ისევე ადვილად ხელმისაწვდომი, როგორც კაცის. საქართველოში, დიდი ალბათობით, აფთიაქში ვერ შეიძენთ ქალის კონდომს, რაც მხოლოდ ორ არჩევანს გიტოვებთ: ონლაინ მაღაზიები ან სხვადასხვა ორგანიზაციები, რომლებიც კონტრაცეფციის უფასო მეთოდებს სთავაზობენ ახალგაზრდებს.

ქალის კონდომის ყველაზე ცნობილი ბრენდია FC2, თუმცა არსებობს სხვა ბრენდებიც, როგორიცაა, მაგალითა, Femidom, Dominique, Femy, Myfemy, Protectiv, Elegance, Della and Care.

ქალის კონდომი თავსდება ვაგინაში. კაცის კონდომისგან განსხვავებით,  მისი მოთავსება შესაძლებელია სექსუალურ აქტამდე 8 საათით ადრე, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლია წინასწარ მომზადებული და დარწმუნებული იყო შენი კონტრაცეფციის არსებობაში, თუ იცი რომ სექსი გექნება.

როგორ გამოიყენება ქალის კონდომი?

ქალის კონდომს შეფუთვაზე ან თავად შეფუთვაში მოყვება ინსტრუქცია, სადაც სურათების დახმარებითაც შეგიძლია გაეცნო მისი გამოყენების მითითებებს. შეგიძლია ჰკითხო შენს ექიმსაც.

გარდა ამისა, შეგიძლია მიჰყვე ქვემოთ მოცემულ მარტივ ინსტრუქციას:

  • პირველ რიგში, აუცილებელია, შეამოწმო კონდომის ვადა. სხვა პროდუქტების მსგავსად, კონდომსაც აქვს ვარგისიანობის ვადა და მისი გასვლის შემდეგ, კონდომის გამოყენება რეკომენდირებული არ არის;
  • ფრთხილად ამოიღე კონდომი შეფუთვიდან, დარწმუნდი, რომ დაზიანებული არ არის. ყურადღება მიაქციე იმასაც, რომ თავად არ დააზიანო ფრჩხილებით. არ არის სასურველი, კონდომის შეფუთვა კბილებით გახსნათ;
  • მოთავსდი შენთვის კომფორტულ პოზაში, არ აქვს მნიშვნელობა, დაწვები თუ იდგები, მთავარია, თავი კომფორტულად იგრძნო. ქალის კონდომის მოთავსება ჰგავს ტამპონის მოთავსებას. ქალის კონდომის მცირერგოლიანი ნაწილი ღრმად შედის ვაგინაში, სადამდეც მიწვდება, გარეთა, დიდრგოლიანი მხარე კი გარეთ რჩება;
  • სექსუალური აქტისას, როდესაც პენისი შედის ვაგინაში, აუცილებელია, პენისი მოთავსდეს ქალის კონდომში და ასე შევიდეს ვაგინაში და არა ვაგინასა და კონდომს შორის. ასეთ შემთხვევაში, ქალის კონდომი ფუნქციას დაკარგავს;
  • სექსუალური აქტის შემდეგ, გარეთა, დიდრგოლიანი ნაწილი გადაკეცე, რომ თავიდან აიცილო სპერმის გადმოღვრა, მოკიდე ხელი დიდრგოლიან ნაწილს და ფრთხილად გამოქაჩე. არ არის სასურველი, კონდომი ტუალეტში ჩააგდო. ჯობია, ნაგვის ურნაში ჩააგდო;
  • გაითვალისწინე, რომ ქალის და კაცის კონდომის ერთდროულად გამოყენება რეკომენდირებული არ არის.

რა ხდება, თუ ქალის კონდომი გაიხა?

ძალიან იშვიათია შემთხვევები, როდესაც ქალის კონდომი იხევა. თუ ასეთი შემთხვევა მოხდა, ეცადე, არ დაპანიკდე. ფრთხილად გამოქაჩე კონდომი და ეცადე მეტი სპერმა არ მოხვდეს ვაგინაში. არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ მიიღე გადაუდებელი კონტრაცეფცია. კარგი იქნება, თუ 10 დღის შემდეგ სექსუალური გზით გადამდებ ინფექციებზე ტესტირებას გაიკეთებ, თუმცა შეგიძლია უფრო ადრეც გაიკეთო ანალიზი. გაითვალისწინე, რომ სხვადასხვა ინფექციის გამოვლენისთვის სხვადასხვა დროა საჭირო.

როგორ დაველაპარაკო ჩემს პარტნიორს კონდომის შესახებ?

შეიძლება ფიქრობდე, რომ ასეთი საუბარი რომანტიკული არ არის, განსაკუთრებით, თუ მას ადგილი სექსუალური აქტის წინ აქვს, თუმცა გახსოვდეს, რომ დაუცველი სექსის შედეგები შეიძლება მძიმე იყოს. არასასურველი ორსულობის გარდა არსებობს სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკიც. ამიტომ კარგი იქნება, თუ შენს პარტნიორს წინასწარ დაელაპარაკები კონდომის გამოყენებაზე. გახსოვდეს, რომ უფლება გაქვს, უარი თქვა დაუცველ სექსზე და კონდომი ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ინფექციებისგან დაგიცავს. იმისთვის, რომ კონდომის მოთავსების პროცესმა „არ მოკლას რომანტიკა“, შეგიძლია ეს პროცესი სექსუალურ თამაშად აქციო, რომელშიც შენი პარტნიორიც მიიღებს მონაწილეობას. თან ისიც გახსოვდეს, რომ ქალის კონდომის მოთავსება სექსუალურ აქტამდე რამდენიმე საათით ადრეც შეიძლება.

წყარო: teenhealthsource.com