ქალთა გენიტალიების დასახიჩრება

კატეგორია: ძალადობა

ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება გვხვდება აფრიკის 29 ქვეყანაში, შუა აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ აზიისა და სამხრეთ ამერიკის სოფლებში. ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, რომელიც სხვადასხვა ადგილას სხვადასხვა ტრადიციით სრულდება. უამრავ ადამიანს, ვინც ქალთა სასქესო ორგანიების დასახიჩრების პროცედურას ასრულებს, სჯერა, რომ ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ სცნობს არანაირ სარგებელს და მართლაც, ამ პრაქტიკის მოკლე და გრძელვადიანი შედეგები შეიძლება საკმაოდ სერიოზული და საზიანოც იყოს.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გოგონების სასქესო ორგანოების დასახიჩრებას რელიგია ავალდებულებს, რაც სიცრუეა. სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები მიმართავენ ამ პრაქტიკას, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი რელიგიური ტექსტი არ მოითხოვს მსგავს რამეს.

ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება ითვლება გოგონებისა და ქალების „განწმენდის“ ან „ღირსად ყოფნის“ სიმბოლოდ. უამრავი მშობელი აკეთებინებს ამას თავის ქალიშვილებს, იმის შიშით, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ცოლად არავინ მოიყვანს.

საზოგადოებებში, სადაც ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება ტრადიციად და აუცილებლობად მიიჩნევა, გოგონებსა და მათ ოჯახებს შეიძლება აიძულებდნენ, მიმართონ ამ პრაქტიკას. ეს გოგონებსა და ქალებს ხელს უშლის, შეეწინააღმდეგონ ამ პრაქტიკას და დახმარება ითხოვონ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ შეიმუშავა შემდეგი სისტემა, რომელიც აღწერს ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების სხვადასხვა ფორმებს:

I ტიპი – გულისხმობს კლიტორის მოკვეთას, სრულად ან ნაწილობრივ, ან კლიტორის ქუდის, რომელიც ფარავს და იცავს კლიტორს.

II ტიპი – კლიტორისა და შიდა ბაგეების სრულად ან ნაწილობრივ მოკვეთა. ზოგჯერ კვეთენ გარე ბაგეებსაც.

III ტიპი – ნაკერებით ავიწროვებენ ვაგინის შესასვლელს, რასაც „შეკერვასაც“ უწოდებენ. შეიძლება მოიკვეთოს შიდა და გარე ბაგეებიც, სრულად ან ნაწილობრივ. ამ ტიპის დასახიჩრება ხშირად იწვეს შარდვისა და პერიოდის სერიოზულ პრობლემებს, რადგან სითხის გამოსვლისთვის მხოლოდ მცირე ხვრელი რჩება.

IV ტიპი – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, „ეს ყველაფერი არის საზიანო პროცედურა, რაც სრულდება ქალის სასქესო ორგანოებზე, რომელთაც არ აქვთ სამედიცინო დანიშნულება. მაგალითად: ბაგეების დაჭიმვა, დაჩხვლეტა, გახვრეტა, დასერვა (შუაზე გაჭრა), გამოფხეკა და მოწვა (გაცხელებული ნივთით (დანით) დაწვა)“.

დასახიჩრება უტარდებათ ახალგაზრდა გოგონებსა და ქალებს, რომელთა ასაკი შეიძლება იყოს რამდენიმე კვირა ან მოზარდობის ასაკი. ეს ხშირად ხდება 5-8 წლის ასაკში, მაგრამ უფროსი და მოზარდი გოგონებიც დგანან რისკის წინაშე.

ცნობილია, რომ ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება ხდება დიდ ბრიტანეთშიც, რადგან მშობლებს თავიანთი ქალიშვილები მიჰყავთ იმ ქვეყნებში, საიდანაც არიან და იქ უტარებენ პროცედურას. ნებისმიერ შემთხვევაში ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება არალეგალურია.

ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების პროცედურა იცვლება ქვეყნიდან ქვეყნამდე, საზოგადოებიდან საზოგადოებამდე. როგორც წესი, პროცედურას ატარებს მოხუცი ქალი, შეიძლება ჩატარდეს ერთ გოგოზე ან რამდენიმეზე ერთდროულად.

ხშირ შემთხვევაში და განსაკუთრებით, როდესაც ადამიანი არ არის ექიმი ან ექთანი, არ იყენებენ ტკივილგამაყუჩებლებს. ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების ტრადიციული ხელსაწყოებია დანა, სამართებელი, შუშა, ქვა, მაკრატელი ან ფრჩხილის მაკრატელი. ასეთი ხელსაწყოების გამოყენების შემთხვევაში, ინფიცირების რისკი ბევრად მაღალია, განსაკუთრებით, თუ ბევრ გოგონას ერთდროულად და ერთი და იმავე ხელსაწყოთი უკეთებენ პროცედურას. ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, ეგვიპტეში, სადაც ქალების 91% პროცენტი გადის ამ პროცედურას, ხშირად პროცედურას ატარებენ ექიმები. თუმცა ექიმის მიერ ჩატარების შემთხვევაშიც კი, მაინც არასწორია, რადგან იწვევს ტკივილსა და ტანჯვას.

ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრებას უამრავი შედეგი მოყვება და იწვევს როგორც ემოციურ, ისე ჯანმრთელობის დაზიანებებს.

პროცედურის ტიპიდან გამომდინარე, მოკლევადიანი შედეგი შეიძლება იყოს არაკომფორტული სისხლდენა, ვერმოშარდვა და ინფექციის უამრავი ფორმა, რომელთაგან ზოგი შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს.

გრძელვადიანი შედეგებიც არანაკლებ სერიოზულია. პროცედურისგან დარჩენილი ნაიარევი შეიძლება ფიზიკურიც იყოს და ემოციურიც, რაც შეიძლება მთელი ცხოვრება თან გაჰყვეს ქალს. ქალები, რომელთაც პროცედურა გაიარეს, ინფიცირებისა და ნერვული დაზიანებების უფრო მაღალი რისკი აქვთ. უამრავ გოგონასა და ქალს უფრო ხშირად აქვს შარდსადინარის ინფექციები, რის გამოც შარდვისას აქვთ წვის შეგრძნება. პერიოდი შეიძლება ძალიან მტკივნეული იყოს ან საჭიროზე მეტი დრო სჭირდებოდეს, ხშირად სექსის ქონაც ძალიან რთული და არაკომფორტულია. სექსის ქონამდე, უამრავ ქალს, რომელთაც მე-3 ტიპის პროცედურა გაუკეთეს, „ჭრიან,“ რათა პენისმა ვაგინაში შეაღწიოს, რაც ნიშნავს კიდევ ერთ მტკივნეულ და ინვაზიურ ოპერაციას. ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრება ზოგჯერ იწვევს უნაყოფობას (ქალს აღარ შეუძლია დაორსულება და ბავშვის გაჩენა) და ორსულობა და მშობიარობა უფრო სარისკოა, როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის.

ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრების გვერდითი ფიზიკური ეფექტი შეიძლება შერბილდეს ექიმის მკურნალობით. ოპერაციის დროს შეიძლება გაიხსნას ქვედა ვაგინა, მიუხედავად იმისა, რომ, თუ მგრძნობიარე ქსოვილი ამოკვეთილ იქნა პროცედურის დროს, მისი აღდგენა შეუძლებელია.

ქალთა სასქესო ორგანოების დასახიჩრებამ შეიძლება იმოქმედოს ადამიანის გონებრივ ჯანმრთელობაზეც. ზოგიერთი ადამიანი აცხადებს, რომ დეპრესიაშია.

ქალთა გენიტალიების დასახიჩრების შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა საქართველოშიც და მოქმედი კანონმდებლობით იგი დასჯადი ხდება. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლია გაეცნო რადიო თავისუფლების სტატიას: ქალთა გენიტალიების დასახიჩრება დაისჯება.