ქალზე მორგებული მიდგომა არასასურველ ორსულობასთან გასამკლავებლად

კატეგორია: ორსულობა

ეს გზამკვლევი ქალის საჭიროებებზე მორგებულ ინფორმაციას გთავაზობს ორსულობის შემთხვევაში არჩევანის გასაკეთებლად. იგი ეფუძნება მოსაზრებას, რომ ქალები საკუთარი სხეულისა და ცხოვრების ექსპერტები თვითონ არიან, ამიტომ თავად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება თავიანთი ორსულობის შესახებ.

რას ნიშნავს ქალის საჭიროებებზე მორგებული მიდგომა?

ეს მიდგომა შენ დახმარებაზეა ორიენტირებული. იგი, პირველ რიგში, შენით და შენი საჭიროებებით, აზრებით, გრძნობებითა და რწმენებით ინტერესდება დაუგეგმავ ორსულობასთან მიმართებაში. ამ დროს ყველაზე მეტად საკუთარ თავზე უნდა კონცენტრირდე, რადგან სწორედ შენ ხარ ამ პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაწილე, შესაბამისად, გადაწყვეტილებაც შენ უნდა მიიღო და პირადი საჭიროებები არ უნდა გადადო.

როგორ მივიღო გადაწყვეტილება?

  1. საკმარისი დრო დაუთმე ფიქრს და ზედმეტად სხვა საქმით ნუ დაკავდები. აწონ-დაწონე შენი ვარიანტები და გადაწყვიტე გინდა თუ არა ამ თემაზე სხვასთან საუბარი.
  2. გააანალიზე სიტუაცია და უფრო ნათლად შეხედე შენ ამჟამინდელ მდგომარეობას. რა მიზნები გაქვს მომავალში? საკმარისი ინფორმაცია მოიძიე ყველა შესაძლო გამოსავალზე.
  3. რა სახის ინფორმაცია გჭირდება? ჩამოწერე კითხვების სია, რომელზეც პასუხს ეძებ.
  4. ენდე საკუთარ თავს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. არ დაისაჯო თავი, პირიქით. იყავი შენი თავის საკუთესო მეგობარი, და საკუთარი უფლებების ადვოკატი.
  5. დააკვირდი შენ გრძნობებს. მოუსმინე შენ გულს, მაგრამ არც პრაქტიკულობა დაგავიწყდეს.
  6. შეხედე შენ თავს. გახსოვდეს, რომ საკუთარი ფიზიკური და ემოციური კეთილდღეობა პრიორიტეტია.
  7. გადაწყვიტე ამაზე ვინმე სხვასაც თუ გინდა, რომ გაესაუბრო. რა სახის მხარდაჭერა გჭირდება? მიიღებ ამ ადამიანისგან იმ მხარდაჭერას, რომელსაც ელოდები? როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს?
  8. ვინაა შენ გარშემო ისეთი, ვისაც შენი მხარდაჭერა შეუძლია? ვინ მიიღებს შენ ნებისმიერ გადაწყვეტილებას განსჯის გარეშე? ვის შეუძლია პრაქტიკულად დაგეხმაროს?

გადაწყვეტილების მიღების პროცესში გახსოვდეს, რომ ქალებმა ზუსტად იციან როდისაა სწორი დრო ბავშვის გასაჩენად და აქვთ უნარი ადეკვატურად გააანალიზონ ის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც მშობლობას, გაშვილებას, ან აბორტს შეიძლება მოყვეს. ქალებმა სხვებზე უკეთესად იციან რასთან გამკლავება შეუძლიათ ემოციურად, ფიზიკურად, ფინანსურად, თუ ფსიქოლოგიურად. ქალებმა იციან თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები; იციან ისიც, რომ არასასურველი შვილის ყოლა არანაირად არ გახდის ბავშვის ცხოვრებას უკეთესს.

გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ დაგავიწყდეს საკუთარი ფიზიკური და ემოციური ჯანმრთელობა, და გაითვალისწინე ის რისკებიც რაც ორსულობასა და მშობიარობას შეიძლება მოჰყვეს. აბორტის გადაწყვეტილება „ეგოისტური“ არ არის. ჯერ საკუთარ თავზე ზრუნვა უნდა შეგეძლოს იმისთვის, რომ შემდეგ სხვაზეც იზრუნო. „ბავშვის გაჩენა“ მშობიარობით არ სრულდება და ბევრ სხვა პასუხისმგებლობას მოიცავს – ფინანსური, დროის და ყურადღების რესურსების ჩათვლით მანამ, სანამ ეს ბავშვი ზრდასრული არ გახდება.

წყარო: www.thewomens.org