სქესობრივი მომწიფება

კატეგორია: ჩემი სხეული

როგორც კი ზრდასრულობის ასაკში გადადიხარ, შენი სხეული უამრავ ცვლილებას განიცდის, შენ კი ამჩნევ, რომ ხასიათიცა და ქცევებიც გეცვლება. პერიოდით დაწყებული, სხეულზე თმის ზრდით დამთავრებული, გაიგე, რას უნდა ელოდო სქესობრივი მომწიფების პერიოდში.

რა არის სქესობრივი მომწიფება?

ამ დროს შენი სხეული ვითარდება და იცვლება, რადგან უკვე ზრდასრული ადამიანი ხდები. ეს ცვლილებები სავსებით ნორმალურია. შეიძლება სექსუალური შეგრძნებები გაგიჩნდეს და შეამჩნიო, რომ ხასიათი და ემოციები გეცვლება.

როდის იწყება სქესობრივი მომწიფება?

სქესობრივი მომწიფებისთვის კონკრეტული ასაკი არ არსებობს, ამიტომ ნუ ინერვიულებ, თუ შენი სხეული შენს მეგობრებზე ადრე ან გვიან იცვლება. გოგონებისთვის სქესობრივი მომწიფება ხშირად 10-16 წლის ასაკში იწყება, ბიჭებისთვის – 10-18 წლის ასაკში.

გახსოვდეს, რომ ცვლილებები დროთა განმავლობაში მოხდება. ყველას სხეული განსხვავებულია, ზოგი ადამიანი სწრაფად ვითარდება, ზოგი – ნელა.

სქესობრივი მომწიფება გოგონებში ცვლილებები ორგანიზმში

სქესობრივი ორგანოები

სქესობრივი მომწიფების ერთ-ერთი უმთავრესი ფიზიკური ცვლილება არის სქესობრივი ორგანოების ზრდა და განვითარება – სექსის ქონა და ბავშვის გაჩენა.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში შენი ვაგინა იცვლება და იწყებს უფერული ან რძისფერი სითხის გამოყოფას, რომელსაც სეკრეტი ეწოდება. თავიდან შეიძლება უცნაური ჩანდეს, თუმცა ეს დადებითი ნიშანია, რადგან სასარგებლოა შენი ვაგინის ჯანმრთელობისთვის.

მკერდი

შენი კერტები და მკერდი ივსება სქესობრივი მომწიფების პერიოდში. თუმცა მკერდი სხვადასხვა ფორმის და ზომის შეიძლება იყოს, ბევრი ქალის მკერდი კვლავ პატარა რჩება.

ყველა ჩემი მეგობარი ყოველდღიურად ატარებს ბიუსტჰალტერს, თუმცა არ ვიცი, მე ჯერ ვარ თუ არა მზად ამისთვის. დედა მეუბნება, რომ ჩემი მკერდი ვითარდება, თუმცა ძალიან პატარაა! ჯერ მხოლოდ 2 ბიუსტჰალტერი მაქვს და, როცა მაცვია, მგონია, რომ ყალბი მკერდი მაქვს, რადგან გამოტენილია. იმედია, მალე თავდაჯერებული გავხდები, ელინი.

ნორმალურია, რომ ზოგს სწრაფად ეზრდება მკერდი, ზოგს – ნელა. როგორც წესი, მკერდი უფრო თანაბარია, როგორც კი სრულ განვითარებას აღწევს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში მკერდი ოდნავ არათანაბარი და განსხვავებული ზომისაა.

პერიოდი

გოგონებისთვის ერთ-ერთი უდიდესი ცვლილება არის პერიოდის დაწყება. გახსოვდეს, სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში, ეს სხვადასახვა დროს ხდება. მართალია, პერიოდის დაწყებისთვის საშუალო ასაკი 12 წელია, მაგრამ ბევრ გოგოს უფრო ადრე ეწყება, ბევრს – ბევრად უფრო გვიან.

პერიოდის დაწყება ნიშნავს, რომ შენ უკვე შეგიძლია შვილის გაჩენა. ყოველთვე შენი საკვერცხე გამოყოფს კვერცხუჯრედს, რომელიც შეიძლება განაყოფიერდეს ბიჭის სპერმით, რაც ქმნის ფეხმძიმობას. თუ კვერცხუჯრედი არ არის განაყოფიერებული, საშვილოსნოს კედელი ჩამოიშლება, რაც გამოყოფს სისხლს, რომელიც შენი ვაგინის გავლით გარეთ გამოდის პერიოდის განმავლობაში.

სხვა ცვლილებები გოგონებში

  • იღლიებსა და ფეხებს შორის იზრდება თმა. თმა ფეხებზე შეიძლება გაგისქელდეს და გაგიმუქდეს, შეიძლება თმა ამოგივიდეს ზედა ტუჩზეც;
  • ბევრ გოგოს უჩნდება გამონაყარი/ლაქები;
  • ნორმალურია, თუ უფრო მეტად ოფლიანობ, ამიტომ ბევრი გოგონა იწყებს დეოდორანტის გამოყენებას;
  • იწყება სწრაფი ზრდა.

სქესობრივი მომწიფება ბიჭებში ცვლილებები ორგანიზმში

სქესობრივი ორგანოები

როდესაც ბიჭი გადის სქესობრივი მომწიფების ასაკს, პენისი ეზრდება და უგრძელდება, სათესლე ჯირკვლები კი უფრო დაბლა, სათესლის აპკთან ჩადის. ზოგჯერ ერთი სათესლე ჯირკვალი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მეორე, ამიტომ ბუნებრივია, თუ ერთი უფრო დაბლაა, ვიდრე მეორე.

ნორმალურია, მეტი ერექცია უჩვეულო დროს, როდესაც ხშირად სექსზე არც კი ფიქრობ. შეიძლება გქონდეს „სველი სიზმრები“, როდესაც ათავებ ძილის დროს.

სხვა ცვლილებები ბიჭებში:

  • ბოქვენის თმა იზრდება პენისსა და იღლიებში;
  • იზრდება თმა სახეზე;
  • ხმა ბოხდება. ზოგი ბიჭის შემთხვევაში, ეს უფრო სწრაფად ხდება, ზოგის შემთხვევაში – უფრო ნელა;
  • ნორმალურია, თუ უფრო მეტად ოფლიანობ, ამიტომ ბევრი ბიჭი იწყებს დეოდორანტის გამოყენებას;
  • ბევრ ბიჭს უჩნდება გამონაყარი/ლაქები;
  • იწყება სწრაფი ზრდა.

თუ არც გოგო ხარ და არც ბიჭი

ყველა მარტივად არ ხვდება „გოგოს“ ან „ბიჭის“ კატეგორიაში. ამიტომ მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ „ტრანსგენდერია“ (როდესაც გოგოს სხეული აქვთ, მაგრამ ბიჭად გრძნობენ თავს ან პირიქით), შესაძლებელია დახმარების მიღება.

ახალი შეგრძნებები და ემოციები

სრულებით ნორმალურია, თუ სქესობრივი მომწიფების პერიოდში უფრო ხშირად ფიქრობ სექსზე. ბევრი ადამიანი იწყებს საკუთარი სხეულის შეხებასა და შესწავლას. ამას მასტურბაცია ჰქვია. შეიძლება ცოტა უცნაურად მოგეჩვენოს, როცა ამის კეთებას იწყებ, თუმცა მასტურბაცია ძალიან ბუნებრივი გზაა საკუთარი თავისთვის სიამოვნების მინიჭებისთვის და ამაში სამარცხვინო არაფერია.

სქესობრივი მომწიფების პერიოდში ბევრი ადამიანი ხვდება, რომ საკუთარი, საწინააღმდეგო ან სულაც ორივე სქესის ადამიანები იზიდავს. სხვებს შეიძლება საერთოდ არავინ არ იზიდავდეს. ეს სრულებით ნორმალურია და ამაზე არ უნდა ინერვიულო. ზოგი ადამიანი საკუთარი სექსუალობის შესახებ იგებს ადრეულ ასაკში, სქესობრივი მომწიფების პერიოდში ან მოგვიანებით, როცა უკვე საკმაოდ დიდები არიან. ეს ყველაფერი ნორმალურია.

შეიძლება საინტერესო იყოს ახალი შეგრძნებებისა და ემოციების გაჩენა, თუმცა ხანდახან ამან შეიძლება სევდიანი ფიქრები და შეგრძნებებიც გამოიწვიოს.

თუ ხასიათი გეცვლება, აგრესიული ან დეპრესიული ხარ, კარგი იქნება, თუ დაელაპარაკები ისეთ ადამიანს, ვისაც ენდობი – მეგობარს ან ნათესავს. თუ ფიქრობ, რომ მეტი თანადგომა გჭირდება, შეგიძლია მიმართო პროფესიონალ ექიმს.

წყარო: teenhealthsource.com