როგორ მივხვდე რომ ჩემი პარტნიორი მოძალადეა?

კატეგორია: ძალადობა

შესაძლებელია, რომ ადამიანმა ურთიერთობის საწყის ეტაპზე გაიგოს, რომ მისი პარტნიორი მოძალადეა? ფსიქოლოგი ლუნდი ბანქროფტი თვლის, რომ ეს შესაძლებელია. იგი თავის წიგნში „რატომ აკეთებს ის ამას?“ გვაწვდის რამდენიმე სასარგებლო რჩევას, როგორ შეიძლება ამოვიცნოთ მოძალადე ურთიერთობის საწყის ეტაპზე.

  1. ის უარყოფითად ლაპარაკობს თავის ყოფილ პარტნიორებზე:
    • თავის ყოფილ პარტნიორზე საუბრისას იყენებს დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ სიტყვებსა და გამოთქმებს;
    • ამგვარ საუბარს იწყებს მალევე, თქვენი გაცნობის შემდეგ;
    • თავის თავს ძალადობის მსხვერპლად მიიჩნევს ყოფილ პარტნიორთან ურთიერთობაში;
    • ამტკიცებს, რომ მისმა ყოფილმა პარტნიორმა უმიზეზოდ დაადანაშაულა ძალადობაში;
    • ყველა პრობლემას ყოფილ ურთიერთობაში თავის პარტნიორს აბრალებს და არ აღიარებს საკუთარ პასუხისმგებლობას;
    • აღიარებს, რომ ძალადობდა ყოფილ პარტნიორზე, მაგრამ ამას სიმთვრალით ან რაიმე სხვა მიზეზით ამართლებს ან აბრალებს ყოფილ პარტნიორს;
    • ამბობს, რომ შენ მის ყოფილ პარტნიორზე გაცილებით უკეთესი ხარ;
    • ამბობს, რომ შენ პირველი ხარ, ვინც მას უგებს ურთიერთობებში.

შენ როგორ გრძნობ თავს ამ ყველაფერთან მიმართებაში?

  • გეცოდება, ფიქრობ, რომ ყოფილი პარტნიორი ძალიან უსამართლოდ ექცეოდა;
  • ცდილობ, უკეთესი პარტნიორი იყო, რაც შეიძლება კარგი;
  • არ გჯერა მისი ყოფილი პარტნიორის დახასიათება მასზე, გგონია, რომ ის ცდება;
  • არასოდეს შეხვდები მის ყოფილ პარტნიორს, რადგან არ მიგაჩნია მისი აზრი სწორად ან დამაჯერებლად.
  1. ის არ გექცევა შენ პატივისცემით:

მიუხედავად ურთიერთობის იდეალური დასაწყისისა, ის მაინც პოულობს მიზეზებს, დაგამციროს, გეჩხუბოს.

  • გამცირებს;
  • უხეშია შენ მიმართ, თუნდაც სხვა ადამიანების თანდასწრებით;
  • გადარებს თავის ყოფილ პარტნიორებს და გეუბნება, რომ მათსავით კარგი ვერ ხარ;
  • საკუთარ არასწორ საქციელში შენ გადანაშაულებს;
  • გაკრიტიკებს, თუ მისი საქციელის მიმართ პროტესტს გამოთქვამ.
  1. ის იმდენად ხელგაშლილია, რომ არაკომფორტულად გაგრძნობინებს თავს:

ეს, რა თქმა უნდა, დიდებულად ჟღერს, თუმცა ასეთ შემთხვევაში საყურადღებოა შენი დისკომფორტის დონე:

  • დაჟინებით მოითხოვს, გააკეთოს რაღაც შენთვის, რამდენიც არ უნდა აპროტესტო შენ;
  • თვლის, რომ შენ ვალდებული ხარ, მას ასიამოვნო, რადგან მან უკვე გააკეთა კონკრეტული რაღაცები შენთვის;
  • გახსენებს თავის ადრინდელ საქციელს, რაც გაუკეთებია შენთვის, რათა შენ დამნაშავედ იგრძნო თავი, როცა მას აკრიტიკებ.
  1. ის გაკონტროლებს:

თავიდან კონტროლი შეიძლება ძალიან მსუბუქად დაიწყოს, ამიტომ ეს ფაქტორი ხშირად აღიქმება ხოლმე როგორც ერთი ადამიანის ინტერესი მეორეს მიმართ, მაგალითად:

  • დაგეგმილი აქვს შეხვედრის ყველა დეტალი;
  • არ აინტერესებს, შენ რა იდეები გაქვს თქვენს ატქივობებთან დაკავშირებით;
  • თავისი მოსაზრებები აქვს, როგორ უნდა იცვამდე;
  • ცდილობს, გაიძულოს, მთელ შენი თავისუფალი დრო მასთან გაატარო;
  • გაძლევს რჩევას, რომელიც არ გითხოვია.
  1. ის არის მესაკუთრე:

თავიდან ეს თვისები თავისუფლად შეიძლება სიყვარულში აგერიოთ:

  • დღეში რამდენჯერმე რეკავს, რათა შეგამოწმოს, მოგიკითხოს;
  • ნერვიულობს, როდესაც სხვა კაცებს ელაპარაკები (ან პირიქით);
  • თავის საქციელს იმით ამართლებს, რომ სიგიჟემდე უყვარხარ;
  • უნდა, ყოველი წუთს შენთან ატარებდეს, ოღონდ მისთვის მოსახერხებელ დროს.
  1. არასდროს არაფერი არ არის მისი ბრალი:

ეს თავისთავად ხსნის ყველაფერს. თავიდან ყველაფერი სხვისი ბრალია, კოლეგების, ოჯახის წევრების, ყოფილი პარტნიორების, რაღაც პერიოდის შემდეგ კი, ყველაფერი შენი ბრალი იქნება.

  1. ის თავის თავზეა ორიენტირებული:

ურთიერთობის საწყის ეტაპზე, შეხვედრებისას, ამჩნევ, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობს, საუბარი მუდმივად მასზეა, არასდროს გეკითხება შენ შესახებ. თუ თემას შეცვლი, ის კვლავ შეეცდება თემის შეცვლას, რომ ისევ თავის თავზე ილაპარაკოს.

  1. ის მოიხმარს ალკოჰოლს ან/და ნარკოტიკებს:

რა თქმა უნდა, ნარკოტიკის ან ალკოჰოლის ყველა მომხმარებელი არ არის მოძალადე. თუმცა მოძალადეები, ვინც მოიხმარენ ალკოჰოლსა და ნარკოტიკს, ხშირად ამით ამართლებენ საკუთარ ძალადობას. თუმცა მხოლოდ მათი მოხმარება ვერ იქნება მომავალი ძალადობის პირდაპირი ნიშანი. ყურადღება მიაქციე, ხომ არ გიყენებს შენ როგორც მიზეზს, რათა ფხიზელი იყოს, რადგან, როდესაც ამას ვერ შეძლებს, დამანაშავე შენ იქნები.

  1. ის დაჟინებით მოითხოვს სექსს:

მას არ სურს შენი აზრის და სურვილების მოსმენა ან პატივისცემა, თუ როდის გქონდეთ სექსი.

  1. ის ძალიან მალე განეწყობა სერიოზულად ურთიერთობის მიმართ:

ის იწყებს თქვენი მომავლის დაგეგმვას მანამდე, სანამ წესიერად გაიცნობდეთ ერთმანეთს. თუ ის ვერ ეგუება იმ უბრალო ფაქტს, რომ შენ ურთიერთობის ნელა განვითარება გინდა, როგორ მოახერხებს უფრო მნიშვნელოვან წინაღობებთან გამკლავებას?

  1. ის გაშინებს, როდესაც გაბრაზებულია:

შეშინება იმის ნიშანია, რომ შეიძლება მოხდეს ფიზიკური ძალადობა. ყურადღება მიაქციე შემდეგ ნიშნებს:

  • ძალიან ახლოს მოდის შენთან, როცა გაბრაზებულია, გიბლოკავს გზას ან გზღუდავს;
  • ამბობს, რომ ცდილობს, უბრალოდ გაიძულოს, მოუსმინო;
  • დაუფიქრებლად მართავს მანქანას ან უმატებს სიჩქარეს;
  • ამბობს მუქარის შემცველ ფრაზებს, როგორიცაა, მაგალითად, „გირჩევნია, არ იცოდე, როგორი ვარ გაბრაზებული“;
  • არ გირტყამს, მაგრამ ხელს ურტყამს კედლებს, ისვრის ნივთებს, აჯახუნებს კარს.
  1. მას აქვს ორმაგი სტანდარტები:

მას აქვს წესების ჩამონათვალი თავისთვის და შენთვის. თუმცა ეს წესები ერთნაირად არ ვრცელდება. მაგალითად, შენ თუ არ შეგიძლია ელარაკო კაცებს, მას შეუძლია ელაპარაკოს ქალებს, ან პირქით.

  1. მამაკაცის შემთხვევაში: მას ზოგადად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ქალების მიმართ:

ის ქალებს მხოლოდ სექსის ობიექტებად და დიასახლისებად აღიქვამს. თავიდან შეიძლება ამბობდეს, რომ შენ განსხვავდები სხვა ქალებისგან, მაგრამ ზოგადად თვლიდეს, რომ ქალები ვერ იქნებიან მამაკაცის თანასწორი.

  1. ის სხვების თანდასწრებით სხვანაირად გექცევა:

ის კარგად გექცევა, როცა იცის, რომ სხვები ხედავენ ამას.

  1. მას მოსწონს შენი დაუცველობა:

მაგალითად, მას მოსწონს შენი გადამრჩენის ან დამცველის როლში ყოფნა.