რატომ დავრჩი 11 წელი მოძალადესთან

კატეგორია: ძალადობა

ხუთი წლის წინ ჩემ თავს ვუთხარი, სხვა თუ არაფერი, ბოლო დროს არაფერი უსვრია ჩემთვის. ვცდილობდი ჩემი თავის დარწმუნებას, რომ ჩემი ქორწინება უკეთესობისკენ მიდიოდა. ის, რაც მაშინ საუკეთესოდ მეჩვენებოდა, ახლა ყველაზე სევდიანი მგონია.

როდესაც ურთიერთობაში ხარ მოძალადე პარტნიორთან, როგორც მე ვიყავი, მთელი მონდომებით ცდილობ, აღმოაჩინო რამე პოზიტივი. ვიცი, ძალიან უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეა. შენ თავს არწმუნებ, რომ, რახან მუცელში გირტყამს და არა სახეზე, არც ისე გაბრაზებულია. როცა ზამთარში გარეთ გტოვებს ფეხსაცმლის გარეშე, ფიქრობ, რომ ეს უკეთესია, ვიდრე ნახევრად შიშველი რომ დაეტოვებინე. შენი არ ვიცი და მე ასე ვფიქრობდი.

ამ სტატიას იმისთვის არ ვწერ, რომ მკითხველს მოვუყვე, როგორ დავტოვე ძალადობრივი ურთიერთობა. საბედნიეროდ, უამრავი ასეთი ისტორია არსებობს, მე აქ იმისთვის ვარ, რომ ვილაპარაკო, რატომ დავრჩი ამდენი ხანი. ეს კითხვა ხომ ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს, რატომ რჩება საერთოდ ვინმე მოძალადესთან?

მინდა, ერთ ფაქტს გავუსვა ხაზი, მე ავირჩიე, ანონიმურად დამეწერა ეს სტატია არა იმიტომ, რომ რამის მრცხვენია, არანაირი პრობლემა არ მაქვს, ხალხმა იცოდეს, ვინ ვარ, არამედ იმიტომ, რომ ჩემი ყოფილი ქმარი ხშირად მამოწმებს ინტერნეტში. ის ახლა სხვა ქალთან ერთად ცხოვრობს და არ მინდა, ჩემზე გაბრაზება რაიმე სახით თავის ახალ პარტნიორზე გადაიტანოს. მე არ ვიცნობ მის ახალ პარტნიორს, მაგრამ იმედი მაქვს, ჩემმა ყოფილმა მთელი თავისი ბრაზი ჩემზე დახარჯა და მასთან სხვანაირად იქცევა. თუმცა ვიცი, რომ ეს რეალობა ვერ იქნება. კაცი, რომელმაც ერთხელ კარზე მარტყმევინა თავი, ვერ გადაიქცეოდა მოსიყვარულე და მშვიდ პარტნიორად.

მინდა, ამ სტატიაში აბსოლუტურად გულწრფელი ვიყო.

ჩემო ყოფილი ქმარი ფიქრობს, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია. ის ფიქრობს, რომ კეთილი, ჭკვიანი და კარგი იუმორის პატრონია. 11 წელი ვცდილობდი, მეც ასე მეფიქრა. როდესაც 6 თვის ორსული ვიყავი, ზურგის ტკივილმა შემაწუხა და შემეშინდა, მან კი უარი განაცხადა ჩემს საავადმყოფოში წაყვანაზე, რადგან უბრალოდ ასე გრძნობდა თავს. რადგან მაშინ მანქანის ტარება არ ვიცოდი, გადავწყვიტე, ფეხით წავსულიყავი, ვერც მეგობრებს დავურეკე და ვერც მშობლებს, რადგან არ მინდოდა, მათ თვალში ცუდ ადამიანად გამოჩენილიყო.

სადღაც ღრმად, გონებაში, ვიცოდი, რომ, რასაც ის ამბობდა, არ იყო სწორი, მაგრამ მე პირადად ვგრძნობდი თავს ვალდებულად, მას თავი ბედნიერად ეგრძნო. მას ცუდი ბავშვობა ჰქონდა და ყოველთვის მეუბნებოდა, რომ ერთადერთი ვიყავი, რაც ცხოვრებაში გააჩნდა და, თუ წავიდოდი, მისი ცხოვრება დაინგრეოდა. ვის უნდა სხვისი ცხოვრების დანგრევა? ამიტომ მე ვრჩებოდი.

ვიცოდი, რომ ჩვენი ურთიერთობის განმავლობაში მას სხვა ქალებიც ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ მე არ მქონდა მისი სიყვარული, ის ფიზიკურად იყო ჩემთან. მე მძულდა ჩემი ცხოვრება, მაგრამ მაინც ვერ წარმომედგინა, საჯაროდ მეღიარებინა, რომ ჩემ ქმარს არ ვუყვარდი, მიუხედავად იმისა, რომ ვხედავდი, როგორი ბედნიერები იყვნენ ჩემი მეგობრები თავიანთ ურთიერთობებეში. ამიტომ მე ვრჩებოდი.

მე ვრჩებოდი კაცთან, რომელიც ჩემზე ფიზიკურად ძალადობდა, რადგან მეშინოდა ალტერნატივის. მე ვიცოდი, რა იყო შიში, რა იყო მოძალადე კაცთან ცხოვრება, მაგრამ მაინც მეშინოდა ბედნიერების. ცხოვრება, რომელიც მძულდა და რომელიც დეპრესიაში მაგდებდა, ჩემთვის ნაცნობი იყო. იქ, გარეთ კი მელოდა ჩემთვის უცნობი სიტუაცია. როდესაც გამუდმებით გეუბნებიან, რომ უსარგებლო ხარ, შენი შეყვარება შეუძლებელია, ძნელია, გჯეროდეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ გადაწყვეტ, უცნობი ცხოვრების სტილს შეეჭიდო.

როცა შენ უკვე იცი, რას ნიშნავს, იყო ყველაზე დაბლა, შეუძლებელია, არ გეშინოდეს, რომ ეს განმეორდება.

კი, ხშირად წარმოვიდგენდი ხოლმე, როგორ მივატოვებდი, როგორ გამოვიჭერდი ღალატზე და საბოლოოდ წავიდოდი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც მეშინოდა, რომ გულს ვატკენდი. ჩემთვის ურთიერთობა არის, როდესაც ირჩევ შენს პარტიორს, თუ ვინმეს გაიცნობ და მოგეწონება, არ მიყვები მათ, რადგან ირჩევ, იყო პარტნიორის ერთგული, თუ ფულის დახარჯვა გინდა, იცი, რომ ეს ორივეს დაგაზარალებთ, ამიტომ ირჩევ თქვენი, როგორც წყვილის პრიორიტეტებს.

საქმე კი იმაშია, რომ ის მე არასოდეს მირჩევდა. მჯეროდა, რომ, თუ უფრო მეტად შევეცდებოდი, დაბალანსდებოდა ჩვენი ურთიერთობა. თუ უფრო მეტად მეყვარებოდა, მისი მხრიდან სიყვარულის არარსებობა აღარ გამოჩნდებოდა.

ამიტომ მე ვრჩებოდი.

უკვე ვახსენე, რომ ის ყოფილი ქმარია, მაშ, რამ გადამაწყვტინა მისი მიტოვება? აქ, ალბათ, გრძელ ამბავს ელოდებით ჩემი გამოქცევის, თუმცა მე უბრალოდ წამოვედი, ერთ დღესაც ჩავთვალე, რომ მე, როგორც ადამიანი, ჯერ კიდევ წარმოვადგენდი რაღაცას.

ამ სტატიის მიზანი არ არის იმაზე ლაპარაკი, რამდენად საშინელ ურთიერთობაში ვიყავი 11 წელი, რადგან იმ საშინელების აღწერა მცირედითაც კი არ მიცდია. ეს სტატია არის იმაზე, როგორ ვექცევით ძალადობრივ ურთიერთობაში მყოფ ადამიანებს. რა თქმა უნდა, მათ არ უნდა მოუწოდოთ, დარჩნენ მოძალადესთან, მაგრამ იყავით მათთან და მოუსმინეთ.

ძალადობის შესახებ სტატიების კომენტარებში ყოველთვის წერენ, როგორ და რანაირად უნდა დაეტოვებინა ადამიანს მოძალადე, რომ ისინი თავად არასოდეს გაჩერდებოდნენ ასეთ ურთიერთობაში, რადგან ძლიერი ადამიანები არიან.

ასეთი კომენტარებისას კითხვისას, როდესაც თავად მოძალადესთან ვცხოვრობდი, თავს ყველაზე უძლურ ადამიანად ვგრძნობდი, რადგან სტატიის ავტორის თავთან ვაიგივებდი თავს, სხვა თუ არაფერი, მეც ხომ იგივეს ვაკეთებდი. ალბათ, ხანდახან საჭიროა, დავფიქრდეთ, რას ვამბობთ ან ვწერთ.

ძალადობრივ ურთიერთობაში მყოფმა ადამიანებმა იციან, რა უნდა გააკეთონ ან სხვა ადამიანები რის გაკეთებას ელიან მათგან. ყველა ამ ადამიანს ურთიერთობაში დარჩენის საკუთარი მიზეზები აქვს და ყველა ეს მიზეზი განსხვავდება. რაც განსხვავდება, არის დრო, რომელიც მათ სჭირდებათ, რადგან თავად მიხვდნენ, რომ ეს მიზეზები არ ღირს იმად, რომ თავიანთ თავზე უარი თქვან. მიზეზები შეიძლება სულელურიც კი იყოს, მაგრამ ადამიანმა ეს ყველაფერი თავად უნდა გაიაზროს.

ჩვენი ქორწინების განმავლობაში ჩემი ყოფილი ქმარი მეუბნებოდა, რომ, თუ წავიდოდი, თავს მოიკლავდა. დამიჯერეთ, ეს არ არის ადვილი გადასალახი, მე პირადად ძალიან მეშინოდა. იმის გააზრება, რომ შენ, როგორც ადამიანი, რაღაცად ღირხარ, რის გააზრებაზეც სხვისი სიცოცხლეა დამოკიდებული, რთულია.

ასე რომ, შემდეგში, სანამ ადამიანს ეტყვი, რა ჯანდაბად რჩებოდი მოძალადესთანო, გაიხსენე, რომ მიზეზები, რის გამოც რჩებოდა, მისთვის ძალიან რეალური იყო. ნუ გაკიცხავ მას, რადგან მან უკვე საკმარისად აკრიტიკა საკუთარი თავი ამის გამო.

წყარო: www.everydayfeminism.com