რატომ არ ტოვებს მსხვერპლი ძალადობრივ ურთიერთობას?

კატეგორია: ძალადობა

ადამიანებს, რომლებსაც არასოდეს გამოუცდიათ ძალადობრივი ურთიერთობები, ხშირად უკვირთ, თუ რატომ რჩება მსხვერპლი მოძალადესთან, რატომ არ დგება და არ ტოვებს მოძალადეს და არ ასრულებს ურთიერთობას? ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ძალადობრივი ურთიერთობის დასრულება შეიძლება იმაზე გაცილებით რთული იყოს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ურთიერთობის დატოვება ყველაზე საშიში მომენტია მსხვერპლისთვის, რადგან ძალადობა კონტროლის და ძალაუფლების დამყარებაა. როდესაც მსხვერპლი ტოვებს ურთიერთობას, ის თვითონ იღებს კონტროლს თავის ცხოვრებაზე და ამით ემუქრება მოძალადის ძალაუფლებას, რის შემდეგაც შეიძლება მოძალადემ რადიკალურ, დესტრუქციულ მეთოდებს მიმართოს. ძალადობრივი ურთიერთობის დასრულებისას ან დასრულების შემდეგ ხდება სწორედ მსხვერპლის მკვლელობის ან დასახიჩრების შემთხვევების უმეტესობა.

გარდა ამ საფრთხისა, კიდევ შეიძლება რამდენიმე ფაქტორი მოქმედებდეს მსხვერპლზე, რომელიც რჩება ძალადობრივ ურთიერთობაში:

  • შიში – ძალადობრივ ურთიერთობაში მყოფ ადამიანს შეიძლება ეშინოდეს, რა მოხდება, თუ ამ ურთიერთობის დატოვებას შეეცდება;
  • სჯერა, რომ ძალადობა ნორმაა – ადამიანი, რომელიც ძალადობრივ ურთიერთობაშია, შეიძლება ვერ ამჩნევდეს, რომ მასზე ძალადობენ, განსაკუთრებით, როდესაც ძალადობა ემოციურ/ფსიქოლოგიურია, ამიტომ მსხვერპლი ვერ ხვდება, რომ ძალადობრივ ურთიერთობაში იმყოფება. მან შეიძლება არც ის იცოდეს, როგორ გამოიყურება ჯანსაღი ურთიერთობები, ამიტომ არ აქვს შედარების საშუალება;
  • სირცხვილის გრძნობა – ხშირად ძალიან ძნელია, ვაღიაროთ, რომ ჩვენზე ძალადობენ. მსხვერპლი შეიძლება თვლიდეს, რომ მან რაღაც არასწორად გააკეთა ან მოიქცა, რამაც მის მიმართ ძალადობა გამოიწვია. მსხვერპლს შეიძლება ეშინოდეს, რომ მისი ოჯახის წევრები და მეგობრები მას განსჯიან;
  • დაბალი თვითშეფასება – როდესაც მოძალადე გამუდმებით ამცირებს მსხვერპლს და ეუბნება, რომ ძალადობას ის იწვევს და მისი ბრალია, ადვილია, დაიჯერო, რომ ეს მართლა შენი ბრალია;
  • სიყვარული – რაც არ უნდა საოცრად ჟღერდეს, ხანდახან მსხვერპს უყვარს მოძალადე, მას შეიძლება შვილები ჰყავდეს მასთან და ცდილობდეს ოჯახის შენარჩუნებას. მოძალადე შეიძლება საკმაოდ დადებით პიროვნებად ეჩვენებოდეს მსხვერპლს, განსაკუთრებით ურთერთობის დასაწყისში. მსხვერპლი ელოდება, რომ მოძალადე ისევ დაუბრუნდება პირვანდელ სახეს, როგორიც მას შეუყვარდა;
  • კულტურული/რელიგიური მიზეზები – ტრადიციული გენდერული როლები, რომელიც შეიძლება მსხვერპლის კულტურასა და რელიგიაში იყოს გავრცელებული, ხანდახან აიძულებს მსხვერპლს, დარჩეს ძალადობრივ ურთიერთობაში, რათა არ შეარცხვინოს ოჯახი;
  • ენის ბარიერი/საემიგრაციო სტატუსი – თუ მსხვერპლი არალეგალური მაცხოვრებელია, მას შეიძლება ეშინოდეს, რომ ძალადობის შესახებ პოლიციისთვის მიმართვის შემთხვევაში, ეს მის საემიგრაციო სტატუსზე იმოქმედებს. თუ მსხვეპრლი ვერ საუბრობს იმ ქვეყნის ენაზე, სადაც ცხოვრობს, მისთვის ძალადობრივი ურთიერთობის დატოვება შეიძლება დამატებით სირთულეებთან იყოს დაკავშირებული;
  • ფულის/რესურსების ნაკლებობა – ფინანსური ძალადობა ძალიან ხშირია, მსხვერპლი შეიძლება ფინანსურად იყოს მოძალადეზე დამოკიდებული, თუ ისინი ერთად ცხოვრობენ, მსხვერპლს შეიძლება წასასვლელი ადგილიც კი არ ჰქონდეს, რესურსებისა და ფულის გარეშე კი, მსხვერპლისთვის ძალადობრივი ურთიერთობის დასრულება შეუძლებელი ხდება;
  • შეზღუდული შესაძლებლობები – თუ მსხვერპლს ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობები აქვს და დამოკიდებულია მოძალადეზე, ეს დამოკიდებულება შეიძლება გადამწყვეტი იყოს მისთვის და არჩიოს ძალადობრივ ურთიერთობაში დარჩენა.
წყარო: www.thehotline.org