რა არის უსაფრთხოების გეგმა?

კატეგორია: ძალადობა

უსაფრთხოების გეგმა არის პირადი, პრაქტიკული გეგმა, რომელიც გულისხმობს შენს უსაფრთხოებას, როდესაც ძალადობრივ ურთიერთობაში იმყოფები და აპირებ მის დასრულებას, მოძალადისგან წამოსვლასა და დაშორებას. ეს გეგმა პრაქტიკული ნაწილის გარდა ითვალისწინებს რჩევებს, როგორ გაუმკლავდე ემოციებს, ძალადობაზე ესაუბრო მეგობრებსა და ოჯახის წევრებს, მიმართო პოლიციას და ბევრ სხვა ნაბიჯს, რაც შენს სიტუაციას სჭირდება. გეგმა უნდა შეიცავდეს ყველა საჭირო ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარება, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები.

თავდაპირველად გაითვალისწინე, რა შეიძლება დაგჭირდეს, როდესაც მოძალადე პარტნიორს ტოვებ. ასეთ ნივთებში შეიძლება შედიოდეს:

  • მართვის მოწმობა;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
  • დაბადების მოწმობა, როგორც შენი, ისე ბავშვების (თუ გყავს);
  • ფული, საკრედიტო, საბანკო ბარათები;
  • შემაკავებელი ორდერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • მანქანის საბუთები;
  • დაზღვევის საბუთები;
  • პასპორტი;
  • ქორწინების მოწმობა;
  • წამლები;
  • ძვირფასეულობა;
  • ტანსაცმელი;
  • სახლის ან/და მანქანის გასაღები

რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადამიანის შემთხვევაში, საჭირო ნივთების სია შეიძლბა განსხვავებული იყოს. უბრალოდ, დარწმუნდი, რომ თან გაქვს ყველა საჭირო ნივთი თუ საბუთი.

გახსოვდეს, რომ შენ გაქვს უფლება, თავს დაცულად გრძნობდე!

არავინ არ იმსახურებს ურთიერთობაში ძალადობას. თუ თვლი, რომ ის ადამიანი, რომელთანაც ცხოვრობ ან, უბრალოდ, რომელიც გიყვარს, ძალადობს შენზე, შენ უფლება გაქვს, შეიმუშაო უსაფრთხოების გეგმა და დატოვო იგი. ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე მაგალითი, რომელიც დაეხმარა ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს, უსაფრთხოდ დაეტოვებინათ ძალადობრივი ურთიერთობა.

გახსოვდეს, რომ შენი სიტუაციის ექსპერტი ხარ შენ, გაითვალისწინე ეს რჩევები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვლი, რომ ისინი უსაფრთხოა შენთვის!

უსაფრთხოება ფეთქებადი ინციდენტის დროს:

  • ისწავლე, როგორ დატოვო სახლი უსაფრთხოდ, რომელი კარი, ფანჯარა, ლიფტი, კიბეა ამისთვის უკეთესი;
  • გაამზადე ჩანთა საჭირო ნივთებით და მზად გქონდეს ის მეგობრის ან ნათესავის სახლში;
  • შეარჩიე რამდენიმე მეზობელი, რომელსაც შეგიძლია მოუყვე ძალადობის შესახებ და სთხოვე, დარეკონ პოლიციაში, თუ შენი სახლიდან საეჭვო ხმაურს გაიგებენ;
  • შეიმუშავე კოდური სიტყვა, რომელსაც შენს შვილებთან, ოჯახთან, მეზობლებთან ან მეგობრებთან გამოიყენებ, რათა ანიშნო მათ, რომ პოლიცია გჭირდება;
  • შეიმუშავე გეგმა, სად წახვალ, თუ სახლის დატოვებას გადაწყვეტ;
  • გამოიყენე და იხელმძღვანელე შენი შეგრძნებებითა და ინსტინქტებით, მხოლოდ შენ იცი, რა არის საჭირო მოძალადესთან ფეთქებად სიტუაციებში.

უსაფრთხოება, როდესაც მოძალადის დატოვებას აპირებ:

  • გახსენი საბანკო ანგარიში შენ სახელზე და ეცადე ფულის დაგროვებას, თუნდაც მცირე რაოდენობით;
  • დატოვე ფული, მანქანის ზედმეტი გასაღები, ტანსაცმელი, წამლები უსაფრთხო ადგილას ან მეგობართან/ოჯახის წევრთან;
  • ეცადე, იპოვო უსაფრთხო ადგილი, სადაც დარჩები სახლიდან წამოსვლის შემდეგ;
  • ეცადე, იპოვო ისეთი ვინმე, ვინც შეძლებს, ფული გასესხოს;
  • თუ ბავშვები გყავს, მათთვისაც დაგეგმე იგივე.

უსაფრთხოება, როდესაც შემაკავებელი ორდერი უკვე ძალაშია:

  • ყოველთვის თან გქონდეს შემაკავებელი ორდერი;
  • გააფრთხილე ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები რომ შემაკავებელი ორდერი გაცემულია და ძალაშია;
  • თუ მოძალადემ შემაკავებელი ორდერის პირობები დაარღვია, მაშინვე აცნობე პოლიციას;
  • მოიფიქრე ალტერნატივა იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია მაშინვე არ მოახდენს რეაგირებას;

უსაფრთხოება, როცა შენ საკუთრებაში არსებულ სახლში ცხოვრობ:

  • თუ შენ შენს საკუთარ სახლში ხარ, ჩაკეტე ფანჯრები და გამოცვალე საკეტები კარზე, რაც შეიძლება მალე;
  • გააფრთხილე შვილების სკოლა, ბაღი, ვის აქვს მათი წაყვანის უფლება;
  • გააფრთხილე მეზობლები, რომ შენი პარტნიორი შენთან აღარ ცხოვრობს და, თუ მას სახლთან ან სახლში დაინახავენ, გამოიძახონ პოლიცია;
  • არასოდეს უთხრა მოძალადეს, სად ცხოვრობ და არასოდეს დაურეკო სახლის ტელეფონიდან;

უსაფრთხოება სამსახურში და საჯარო სივრცეში:

  • გააფრთხილე ვინმე სამსახურში შენი სიტუაციის შესახებ. დაცვის არსებობის შემთხვევაში, დაელაპარაკე მათ და აჩვენე მოძალადის სურათი;
  • ეცადე, აირჩიო სხვადასხვა გზის მარშრუტები სამსახურიდან და სამსახურისკენ;
  • ეცადე, მოძებნო თანამშრომელი, რომელიც შენთან ერთად დატოვებს სამსახურის შენობას, დაგხვდება გაჩერებაზე და შენთან ერთად იქნება ქუჩაში.
წყარო: www.thehotline.org