პაპ-ტესტი

კატეგორია: ჩემი სხეული

პაპ-ტესტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შეუძლია ადრეულ ეტაპზევე გითხრას, გაქვს თუ არა საშვილოსნოს ყელის პრობლემები, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია მათი მკურნალობა, რადგან მომდევნო ეტაპებზე მათთან გამკლავება შეიძლება რთული იყოს. უდავოა, რომ პაპ-ტესტი შეიძლება ცოტა უცნაური იყოს, მაგრამ სწრაფი და მარტივი გზაა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

რა არის პაპ-ტესტი?

  • პაპ-ტესტი გულისხმობს საშვილოსნოში (საშვილოსნოს ყელსა და საშოში) უჯრედების შემოწმებას, რათა დარწმუნდე, რომ ისინი ჯანსაღია;
  • პაპ-ტესტი ვერ გეტყვის, გაქვს თუ არა სექსუალური გზით გადამდები ინფექციები.

რატომ უნდა გავიკეთო პაპ-ტესტი?

  • პაპ-ტესტს შეუძლია, გითხრას, გაქვს თუ არა საშვილოსნოში ისეთი უჯრედები, რომელთაგანაც შეიძლება მომავალში განვითარდეს საშვილოსნოს კიბო;
  • ადრეულ ეტაპზე ამის დადგენა დაგეხმარება, იმკურნალო ბევრად ადრე, ვიდრე რამე მოხდება.

ვინ უნდა გაიკეთოს პაპ-ტესტი?

  • ყველამ, ვისაც აქვს საშვილოსნოს ყელი.
  • პაპ-ტესტი უნდა გაიკეთო იმ შემთხვევაშიც, თუ არ გაქვს სექსი.

როდის უნდა გავიკეთო პირველი პაპ-ტესტი?

  • კანადის სიმსივნის ცენტრის რეკომენდაციით, პირველი პაპ-ტესტი 21 წლის ასაკში უნდა გაკეთდეს;
  • სახელმძღვანელო ამბობს, რომ 21 წლამდე პაპ-ტესტის გაკეთების მიზეზი არ არსებობს, თუნდაც სექსუალურად აქტიური ცხოვრებით ცხოვრობდე.

რამდენად ხშირად უნდა გავიკეთო პაპ-ტესტი?

  • სიმსივნის მკურნალობის ცენტრის რეკომენდაციით, პაპ-ტესტი ყოველ 3 წელიწადში ერთხელ უნდა გაკეთდეს. თუ ტესტმა საშვილოსნოს ყელის უჯრედებში დარღვევები აღმოაჩინა, შეიძლება ექიმმა ტესტის უფრო ხშირად ჩატარება გირჩიოს;
  • პაპ-ტესტის გაკეთება შეიძლება შეწყვიტო 70 წლის ასაკში, თუ წინა ათი წლის განმავლობაში გაიკეთე 3 ან მეტი „ჩვეული“ ტესტი;
  • როგორც წესი, თუ ზედიზედ 3-ჯერ ჩაიტარებ ტესტს, რომლის პასუხიც „კარგია,“ მომავალში სულ უფრო იშვიათად მოგიწევს ტესტის გაკეთება (როგორც წესი, ყოველ 2-3 წელიწადში ერთხელ).

რა მოხდება, თუ პაპ-ტესტის პასუხი არ არის „კარგი“?

  • „ცუდი“ პასუხი არ ნიშნავს, რომ სიმსივნე გაქვს!
  • ექიმი მოგთხოვს, უფრო ხშირად გაიკეთო პაპ-ტესტი, რათა დარწმუნდეს, რომ „ცუდი“ უჯრედები ნორმას უბრუნდება. როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე;
  • თუ შენი პასუხები მაინც დადებითია, შეიძლება მოგიწიოს ექიმთან მისვლა დამატებითი ტესტებისა და მკურნალობისთვის;
  • ეცადე, არ ინერვიულო. მკურნალობა მარტივია და ადამიანების უმეტესობას, გადაგვარებული უჯრედების დროულად აღმოჩენისა და მკურნალობის შემთხვევაში, არ უვითარდება სიმსივნე.
წყარო: teenhealthsource.com