ნორმალური მკერდი მაქვს?

კატეგორია: ჩემი სხეული
შენიშვნა: სიტყვები „მკერდი“ და „ძუძუ“ ერთმანეთისგან განსხვავდება. ძუძუ მოიცავს ქალის მკერდის მთლიან შემადგენლობას; ესაა ორგანო, რომელსაც ლაქტაციის უნარი გააჩნია. აქედან გამომდინარე, სიტყვა „ძუძუ“ ყოველთვის სქესის განმაპირობებელი ნიშანია.

ვიცით, რომ ყველა ადამიანი (მაგალითად, ტრანსგენდერები) საკუთარ სხეულზე საუბრისას ამ ტერმინებს არ იყენებს, ამიტომ მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ის ტერმინოლოგია, რაც საუკეთესოდ მიგაჩნიათ.

ძუძუ და კერტები უამრავი ზომის, ფორმისა და ფერის არსებობს. ქალის მკერდი გაზრდასა და განვითარებას გარდატეხის ასაკში იწყებს. გახსოვდეს, რომ ეს ცვლილებები მთელი შენი ცხოვრების მანძილზე გაგრძელდება.

ნორმალური მკერდი მაქვს?

როდესაც საქმე ქალის მკერდს ეხება, კონკრეტული ნორმა არ არსებობს – არც ზომის, არც ფორმისა და არც შეფერილობის მხრივ. ძუძუ შეიძლება იყოს პატარაც და დიდიც, და საკმაოდ ხშირად – ორი სხვადასხვა ზომის.
ძუძუ მთელი შენი ცხოვრების განმავლობაში ვითარდება. ორსულობა, ან უბრალოდ ასაკის მატება, მათ ზომასა და ფორმაზე გავლენას ახდენს. მკერდი, ძირითადად, ცხიმოვანი ქსოვილისგან შედგება, ამიტომ ყოველთვის, როცა წონაში მოიმატებ, ან დაიკლებ, ძუძუს ზომა შეიცვლება. ნორმალურია ისიც, თუ მენსტრუაციამდე, ან მენსტრუაციის დროს, მკერდის არეში შესიებას, ან ტკივილს იგრძნობ.

ხშირად, მკერდის მიდამოებში (და სხეულის სხვა ადგილებზეც) სტრიები უჩნდებათ – ვარდისფერი, წითელი, ყავისფერი ან თეთრი შეფერილობის ხაზები კანზე, რომლებიც ოდნავ ამობურცული, ან უსწორ-მასწოროა. სტრიები მაშინ ჩნდება, როდესაც შენი სხეული ფორმას იცვლის და კანი უცებ იჭიმება (მაგალითად, გარდატეხის ასაკში, როდესაც ძუძუ სწრაფად იზრდება). როგორც წესი, გარკვეული დროის შემდეგ, სტრიები უფერულდება და ნაკლებად შესამჩნევი ხდება.

ძუძუს მსგავსად, არც კერტებისთვის არის ერთი დადგენილი ნორმა. კერტებიცა და არეოლაც (მრგვალი ფორმის კანი კერტების გარშემო) განსხვავებული ფორმის, ზომისა და ფერის არსებობს, ღია ვარდისფერიდან მოყავისფრო-შავ შეფერილობამდე. კერტის ფერი, ძირითადად, შენი კანის ფერზეა დამოკიდებული. ნორმაა ისიც, თუ კერტების გარშემო თმები გეზრდება.
ზოგიერთი ადამიანის კერტი გამოწეულია, ღილებივით, სხვებს ჩაბრუნებული ძუძუს თავები აქვს, რომლებიც ფოსოებს წააგავს. კერტები მაგრდება და უფრო გამოხატული ხდება, როდესაც ერეგირებულია. ეს შეიძლება მოხდეს სიცივის, სექსუალური აგზნების, ნერვიულობის დროს, ან როცა ვინმე გეხება.

მკერდი და კერტები მგრძნობიარე ადგილებია, ამიტომ ბევრ ადამიანს სიამოვნებს, როცა სექსუალური აქტივობის დროს მკერდზე ეფერებიან. თუმცა, თუ ეს არ გსიამოვნებს, ესეც სავსებით ნორმალურია. მთლიანად შენი გადასაწყვეტია ის, რა გსიამოვნებს და რა – არა, და თავისუფლად შეგიძლია შენ სექსუალურ პარტნიორს ამის შესახებ დაელაპარაკო.

სექსუალურის გარდა, ძუძუმ შეიძლება ჩვლის გამოკვების ფუნქციაც შეითავსოს.
ბევრ ადამიანს საკუთარი ძუძუს ზომა ადარდებს, მაგრამ ეცადე ამის გამო ბევრი არ ინერვიულო. რა ზომისაც არ უნდა გქონდეს, ის შენი სხეულის ნაწილია და, ამ შემთხვევაში, ნორმა არ არსებობს. ვერცერთი წამალი, კრემი, დანადგარი, თუ სპეციალური ვარჯიში, ძუძუს ზომას ვერ შეცვლის, ამიტომ ეცადე შეიყვარო შენი სხეული ისეთი, როგორიც არის. თუმცა, ზოგიერთ ადამიანს ზურგისა და ხერხემლის ქრონიკული ტკივილი უვითარდება იმის გამო, რომ მეტისმეტად დიდი მკერდი აქვს. ასეთ დროს, პლასტიკურ ქირურგიას მიმართავენ, რათა ძუძუ დაიპატარავონ ხოლმე. თუ შეკითხვები გაქვს საკუთარი მკერდის შესახებ, აუცილებლად დაელაპარაკე კვალიფიციურ ექიმს, ან ზრდასრულს, რომელსაც ენდობი.

როდის იწყებს ძუძუ ზრდას?

ყველა ქალის მკერდი სხვადასხვა ტემპით იზრდება. ყველაზე ხშირად, ისინი 8-14 წლების შუალედში ვითარდება. ამაზე შეიძლება გავლენა იქონიოს იმანაც, რომელ ასაკში გაეზარდათ მკერდი შენ ნათესავებს (მაგალითად დედასა და დებს).

ძუძუს ბოლომდე განვითარებას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს: ზოგიერთი ცვლილება ორგანიზმში გაცილებით უფრო ნელა მიმდინარეობს, ზოგი განსხვავება კი შეიძლება ერთ დღე-ღამეშიც შეამჩნიო. გარდატეხის ასაკში მკერდი ბევრად უფრო მგრძნობიარე ხდება, ამიტომ ნორმალურია, თუ ოდნავი ტკივილის შეგრძნება გაქვს.

გახსოვდეს, რომ ყველა ადამიანის განვითარების განრიგი ინდივიდუალურია – ზოგს უფრო მალე ეზრდება ძუძუ, ვიდრე სხვებს. როგორც წესი, ეს პროცესი გარდატეხის ასაკის პირველი მანიშნებელია, თუმცა ზოგისთვის ეს პროცესი თინეიჯერობის გვიან წლებამდე გრძელდება.
თუ ნერვიულობ, რომ მკერდი ზედმეტად სწრაფად, ან საერთოდ არ გეზრდება, აუცილებლად გაესაუბრე კვალიფიციურ ექიმს, რათა დარწმუნდე, რომ ყველაფერი რიგზეა.

წყარო: www.plannedparenthood.org

თარგმანი: სოფი ბერია