მითები სექსუალური ძალადობის შესახებ

კატეგორია: ძალადობა

მითი: სექსუალური მოძალადეები, ყველაზე ხშირად, ფსიქიური პრობლემების მქონე ადამიანები არიან. მათი ამოცნობა ადვილად შეიძლება გარეგნობითა და ქცევებით.

ფაქტი: ყველაზე ხშირად, მოძალადეებს არ აქვთ ფსიქიური პრობლემები და არც მათი ამოცნობაა ერთი შეხედვით შესაძლებელი. მათი სხვებისგან განმასხვავებელი ნიშანი არის ძალაუფლების შეგრძნების მოთხოვნილება, სხვების მართვისა და კონტროლის სურვილი, და ხშირად, ისინი კარგად იცნობენ საკუთარ მსხვერპლს: ოჯახის წევრს, მეგობარს, მეზობელს, ან კოლეგას. ირლანდიაში ჩატარებული 2010 წლის კვლევის მიხედვით, მსხვერპლთა 89%-მა დაადასტურა, რომ მოძალადეს იცნობდნენ.

მითი: სექსუალური ძალადობა, ყველაზე ხშირად, ღამღამობით ხდება, ბნელ ქუჩებში, და მოძალადე უცნობი ადამიანია.

ფაქტი: სტატისტიკურად, სექსუალური ძალადობის შემთხვევები, ყველაზე ხშირად, სახლებში ხდება, დღის სხვადასხვა მონაკვეთში, როგორც წესი, ნაცნობი ადამიანის ხელით (ოჯახის წევრის, მეგობრის, კოლეგის, ექიმის, მასწავლებლის და სხვ.).

მითი: ადამიანებს, რომლებსაც გამომწვევად აცვიათ, ფლირტაობენ და მეგობრულად, ან სოციალურად იქცევიან, გარკვეულწილად ბრალი მიუძღვით მათ წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობაში.

ფაქტი: ერთადერთი პასუხისმგებელი პირი სექსუალურ ძალადობაში არის თავად მოძალადე. მსხვერპლის სამოსი და ქცევა არც მოსაწვევი ბარათია, არც სექსუალური ხასიათის ქცევაზე თანხმობის ნიშანი.

მითი: თუ ადამიანს შეხვედრაზე დავთანხმდი და ის მეპატიჟება, მაშინ ნორმალურია, რომ სანაცვლოდ სექსუალური ხასიათის ჯილდო მოითხოვოს.

ფაქტი: შეხვედრა, პირველ რიგში, სოციალური ხასიათის კონტაქტია, რომელიც ავტომატურად არ გულისხმობს სექსს. შეხვედრაზე დათანხმებით, ადამიანები გამოხატავენ თანხმობას შეხვედრაზე, ლაპარაკზე, სეირნობაზე და ა.შ. ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ თანახმა არიან სექსზეც.

მითი: თუ ადამიანს ერთი კონკრეტული სახის სექსუალურ ქცევაზე დავთანხმდი, ეს ნიშნავს, რომ ყველა სახის სექსუალურ კავშირზე თანახმა ვარ.

ფაქტი: იმისთვის, რომ პარტნიორებმა თავი კარგად იგრძნონ, აუცილებელია ღიად და გახსნილად ილაპარაკონ, თუ რა სახის სექსუალურ აქტივობაზე თანხმდებიან. თანხმობის, ან ნებართვის მიცემა არ ნიშნავს იმას, რომ გადაფიქრება აღარ შეიძლება. აზრის შეცვლა ნებისმიერ მომენტში დასაშვებია და სანდო, შეგნებულმა პარტნიორმა ეს არჩევანი უნდა დააფასოს.

მითი: გაუპატიურება ვერ მოხდება ურთიერთობაში მყოფ წყვილებსა და დაოჯახებულ პირებს შორის.

ფაქტი: სექსუალური ძალადობა პარტნიორებსა და მეუღლეებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სერიოზული ფორმის დანაშაულია. ოჯახური გაუპატიურება ბევრ ქვეყანაში კანონით ისჯება. შეყვარებულები და/ან მეუღლეები ვალდებული არ არიან სექსზე თანხმობა განაცხადონ. უარის თქმა ნებისმიერ მომენტში დასაშვებია, და სანდო, შეგნებულმა პარტნიორმა ამ არჩევანს პატივი უნდა სცეს.

მითი: მოძალადეებს მოჭარბებული სექსუალური ლტოლვა აქვთ, არ გააჩნიათ სტაბილური ურთიერთობები და ამგვარი საქციელით ცდილობენ, სექსუალურად დაკმაყოფილდნენ.

ფაქტი: მოძალადეთა დიდი ნაწილი ურთიერთობაშია, დაქორწინებულია და/ან ჰყავს ოჯახი. მოძალადეების მოტივაცია არ არის სექსუალური აქტის ნაკლებობა, არამედ სექსუალური სიამოვნება, რომელიც ასოცირდება სხვა ადამიანის კონტროლთან, ამ უკანასკნელის თანხმობის გარეშე.

მითი: გაუპატიურება და სექსუალური აგრესია მხოლოდ ფიზიკურ ძალადობას, ცემასა და ჭრილობების მიყენებას გულისხმობს. თუ ფიზიკურ ძალადობას არ აქვს ადგილი, მაშინ გაუპატიურება არ მომხდარა.

ფაქტი: რიგ შემთხვევებში, მოძალადე ძალის მაგივრად დაშინებას, ან შანტაჟს იყენებს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ მსხვერპლს შიშის გრძნობა გაუჩნდეს და შეწინააღმდეგების სურვილი გაუქრეს.

მითი: სექსუალური ძალადობა გაზვიადებულია. ხშირად, ე.წ. სექსუალური შევიწროვება უვნებელი და უმნიშვნელოა.

ფაქტი: სექსუალური შევიწროვება ძალიან ხშირად ხდება სამუშაო ადგილას და სკოლებში, მაგრამ ხალხი ამაზე იშვიათად ამახვილებს ყურადღებას. არასასურველ სექსუალურ ყურადღებას მსხვერპლზე ორნაირი გავლენა შეიძლება ჰქონდეს – პროფესიული (კარიერული წინსვლის გარანტია სექსუალური ხასიათის აქტ/ებ/ის ნაცვლად) და ფსიქოლოგიური. სექსუალური შევიწროვების წნეხი მუშაობას/სწავლას არასასიამოვნო, საშინელ გამოცდილებად აქცევს, რომლიდან თავის დახსნის ერთადერთი საშუალება სამსახურის, ან სასწავლებლის მიტოვებაა.

თარგმანი: სოფი ბერია
facebook sharing button Share