მენჯის ანთებითი დაავადება (PID)

კატეგორია: სგგი

ხშირად, უყურადღებოდ დატოვებული სექსუალური გზით გადამდები ინფექციები (სგგი) მენჯის ანთებით დაავადებაში (ინგლისურად Pelvic Inflammatory Disease, იგივე PID) გადაიზრდება, რამაც მომავალში შეიძლება ჯანმრთელობის სერიოზული გართულებები გამოიწვიოს. 8-დან 1 ქალი, რომელსაც PID აქვს გადატანილი, დაორსულებისას პრობლემებს განიცდის. მნიშვნელოვანია იცოდე, რომ თუ დროულად მიხედავ ჯანმრთელობას, მენჯის ანთებითი დაავადება შეგიძლია თავიდან აიცილო.

რა არის მენჯის ანთებითი დაავადება?

ეს ქალის რეპროდუქციულ ორგანოების ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძირითადად სექსუალური გზით გადამდები ინფექციების (მაგალითად, ქლამიდიისა და გონორეის) გართულებას მოყვება. მიუხედავად ამისა, მენჯის ანთებითი დაავადება შეიძლება სხვა, არასექსუალური გზით გადამდებმა ინფექციებმაც გამოიწვიოს.

როგორ ვითარდება მენჯის ანთებითი დაავადება?

ამ ინფექციური დაავადების განვითარების რისკი მაღალია, თუ:

  • გაქვს სგგი და არ მკურნალობ;
  • გყავს ერთზე მეტი სექსუალური პარტნიორი;
  • გყავს პარტნიორი, რომელსაც შენ გარდა სხვებთანაც აქვს სექსი;
  • ადრეც გქონია მენჯის ანთებითი დაავადება;
  • ხარ სექსუალურად აქტიური და 25 წლის, ან უფრო უმცროსი;
  • იყენებ ვაგინის გამოსარეცხ საშუალებებს;
  • ხმარობ სპირალს, როგორც კონტრაცეფციის მეთოდს. ამ შემთხვევაში რისკი ძირითადად პირველი სამი კვირის განმავლობაში არსებობს, მას შემდეგ, რაც ექიმი სპირალს საშვილოსნოში მოათავსებს.

როგორ შემიძლია PID-ს განვითარების რისკი შევამცირო?

ერთადერთი უტყუარი მეთოდი სგგი-ს თავიდან ასაცილებლად ვაგინალური, ორალური და ანალური სექსისგან თავის შეკავებაა.

თუ სექსუალურად აქტიური ხარ, შეგიძლია შემდეგი რჩევები გაითვალისწინო:

  • გრძელვადიანი, მონოგამიური ურთიერთობები, რომელშიც ორივე პარტნიორი შემოწმებულია სგგი-ზე ამცირებს მენჯის ანთებითი დაავდების განვითარების რისკებს.
  • აუცილებლად გამოიყენე კონდომი ყოველი სექსუალური აქტის წინ. უფრო მეტი ინფორმაციისთვის კონდომის სწორად გამოყენების შესახებ, ეწვიე ჩვენ სტატიას: კონდომები და ლუბრიკანტები.

როგორ მივხვდე, რომ მენჯის ანთებითი დაავადება მაქვს?

ამის შესამოწმებლად ტესტი არ არსებობს. დიაგნოზს, როგორც წესი, შენი სამედიცინო ისტორიის, ფიზიკური შემოწმებისა და სხვა კვლევების შედეგების მიხედვით სვამენ. შეიძლება ვერც კი გააცნობიერო, რომ მენჯის ანთებითი დაავადება გაქვს, რადგან სიმპტომები ნაკლებად, ან საერთოდ არ გაქვს გამოხატული. თუმცა, თუ ჯანმრთელობის პრობლემებს უჩივი, მაშინ შემდეგ სიმპტომებს მიაქციე ყურადღება:

  • მუცლის არეში ტკივილს;
  • სიცხეს;
  • უცნაურ გამონადენს ვაგინიდან, რომელსაც არასასიამოვნო სუნი აქვს;
  • ტკივილს და/ან სისხლდენას სექსის დროს;
  • მოშარდვისას წვის შეგრძნებას;
  • სისხლდენას მენსტრუაციულ ციკლებს შორის;
  • უცნაურ წყლულებს გენიტალიის მიდამოებში.

თუ ამ ჩამონათვალიდან რომელიმეს შეამჩნევ:

  • დაუყოვნებლივ მიაკითხე გინეკოლოგს და გაესინჯე;
  • თუ ხარ 25 წლის, ან უფრო ახალგაზრდა, და ხარ სექსუალურად აქტიური, ყოველწლიურად შემოწმდი ქლამიდიაზე;
  • აარჩიე ისეთი გინეკოლოგი, რომელთანაც გულწრფელ და ღია საუბარს შეძლებ, და კონსულტაცია გაიარე სგგი-ს სხვა ტესტების ჩატარების შესახებ.

შესაძლებელია თუ არა მენჯის ანთებითი დაავადებისგან განკურნება?

კი. იმ შემთხვევაში, თუ მენჯის ანთებითი დაავადების დიაგნოზი ადრე დაისვა და მისი მკურნალობა დროულად მოხდა, PID-სგან განკურნება შესაძლებელია. თუმცა, მკურნალობა ვერ შეცვლის რეპროდუქციული სისტემის იმ დაზიანებებს, რაც ამ დაავადებამ უკვე გამოიწვია. რაც უფრო დიდხანს არ მიმართავ ექიმს, მით უფრო დიდი შანსია, რომ მას გართულებები მოყვეს. აუცილებლად ბოლომდე მიიყვანე მკურნალობის კურსი – მაშინაც, თუ სიმპტომები გაგიქრება. ამასთან, არ დაგავიწყდეს შენი სექსუალური პარტნიორ(ებ)ის გაფრთხილებაც, რათა მათაც დროულად მოასწრონ სგგი-ზე შემოწმება.

აქვე გაითვალისწინე ისიც, რომ შენ და შენმა პარტნიორმა თავი უნდა შეიკავოთ სექსისგან მკურნალობის პერიოდში, რათა ერთმანეთი კიდევ ერთხელ არ დააინფიციროთ. თუ სგგი ისევ გადაგედო, მაშინ მენჯის ანთებითი დაავადების განვითარების შანსი კვლავ გაქვს, ხოლო თუ PID ადრე უკვე გადატანილი გაქვს , მაშინ თავიდან დაავადების რისკიც უფრო მაღალია.

რა მოხდება, თუ არ ვიმკურნალებ?

მენჯის ნათებითი დაავადების გართულებებში შედის:

  • შრამოვანი ქსოვილის განვითარება ფალოპის მილის შიგნით და გარეთა კედლებზე, რამაც შეიძლება მილების დაბლოკვა გამოიწვიოს;
  • ეკტოპური (საშვილოსნოსგარე) ორსულობა;
  • უნაყოფობა (სირთულე დაორსულებისას);
  • მენჯისა სა მუცლის ღრუს მიდამოებში გრძელვადიანი ტკივილი.

გახსოვდეს, რომ თუ დიაგნოზის დასმა და მკურნალობა ადრე მოხდა, მენჯის ანთებითი დაავადების გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია.

წყარო: https://www.cdc.gov

თარგმანი: სოფი ბერია