მასტურბაცია

კატეგორია: ჩემი სხეული

რამდენად ნორმალურია მასტურბაცია?

მასტურბაცია სრულიად ნორმალური და უსაფრთხო გზაა სიამოვნების მისაღებად, ადამიანების უმეტესობა ამაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ თითქმის ყველა მიმართავს მას. გავრცელებულ ხუმრობას თუ დავუჯერებთ, ადამიანების 80% მასტურბირებს, დანარჩენი 20% კი უბრალოდ იტყუება. ეს არ არის რეალური სტატისტიკა, თუმცა ადამიანების უმეტესობამ იცის მასტურბაციის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავად არ აღიარებდეს ამას. რა თქმა უნდა, არსებობენ ადამიანები, ვინც არ მასტურბირებს და ესეც სრულიად ნორმალურია.

ზოგიერთი ადამიანისთვის მასტურბაცია შემზარავია, რადგან მის გარშემო ბევრი მითი არსებობს და საზოგადოება ხშირად გვეუბნება, რომ ეს სირცხვილია. სწორედ ამიტომ ერიდება უამრავი ადამიანი მასტურბაციაზე საუბარს.

სიმართლე კი ისაა, რომ მასტურბაცია სრულიად ნორმალურია. ადამიანების უმრავლესობა აკეთებს მას, მიუხედავად მათი გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორნეტაციისა. ზოგიერთი ადამიანი დღეში ორჯერ მასტურბირებს, ზოგი – კვირაში ერთხელ. მარტივად რომ ვთქვათ, ყველა ადამიანს სხვადასხვა სექსუალური გამოცდილებები აქვს და არ არსებობს მზა, დაწესებული ლიმიტი მასტურბაციის შესახებ. მასტურბაცია პირადი გადაწყვეტილებაა, დაკავდი ამით, თუ გაქვს ამის სურვილი.

ხანდახან ადამიანები ფიქრობენ, რომ მასტურბაციით მხოლოდ ისინი კავდებიან, ვისაც პარტნიორი არ ჰყავს და არ აქვს სექსი, რაც საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. ბევრი ადამიანი მასტურბირებს, მიუხედავად მათი ურთიერთობის სტატუსისა. თუ შენი პარტნიორი მასტურბირებს ან ამის სურვილი აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ის უკმაყოფილოა სექსით ან არ მოსწონს შენთან სექსი.

შესაძლებელია მეტისმეტი მასტურბაცია?

ბევრი ადამიანი ნერვიულობს, რომ ძალიან ბევრს მასტურბირებს, მაგრამ გახსოვდეს, რომ მასტურბაცია ნორმალურია. არ არსებობს დაწესებული ნორმა, დღეში რამდენჯერ უნდა დაკავდე ამით. ნებისმიერი რაოდენობა შეიძლება იყოს ნორმალური.

მასტურბაცია შეიძლება გადამეტებულად ჩავთვალოთ, თუ ის ხელს გიშლის ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგალითად მის გამო უარს ამბობ სკოლაში, სამსახურში წასვლაზე, მეგობრებთან და ოჯახთან დროის გატარებაზე ან, უბრალოდ, იმ საქმიანობით დაკავებაზე, რომელიც გაინტერესებს. თუ მასტურბაცია ხელს არ უშლის შენს ყოველდღიურ საქმიანობასა და აქტივობებს, ის სრულიად ნორმალურია და შეგიძლია რაოდენობაზე არ ინერვიულო.

მასტურბაცია ჯანმრთელობაა?

მიუხედავად უამრავი მითისა, რომელიც ამტკიცებს, რომ მასტურბაცია არ არის ნორმა, ვნებს შენს ჯანმრთელობას და სხვ. გახსოვდეს, რომ ის სრულიად ჯანსაღი ქცევაა და მას დადებითი შედეგებიც აქვს:

  • მასტურბაციის შედეგად შენ ვერ დაფეხმძიმდები და ვერ გადაგედება სექსუალური გზით გადამდები ინფექციები;
  • მასტურბაცია დაგეხმარება, გაიცნო საკუთარი სხეული, გაიგო, როგორ მუშაობს შენი ორგაზმი, რა მოგწონს და რა – არა, რაც მომავალში გააუმჯობესებს შენ სექსუალურ გამოცდილებებს;
  • მასტურბაცია ამცირებს სტრესსა და დაძაბულობას;
  • ორგაზმის დროს გამოიყოფა ენდორფინები, ჰორმონი, რომელიც თავს კარგად გაგრძნობინებს და ბუნებრივი ტკივილგამაყუჩებელია, რაც შეიძლება მენსტრუაციის დროს მუცლის ტკივლის დროსაც კი გამოგადგეს.

შენიშნვა: მასტურბაციის დროს შეუძლებელია დაორსულება ან ინფექციების გადადება. თუმცა, თუ მასტურბაცია შენს პარტნიორთან ერთად ხდება, კარგი იქნება, თუ თავის დაცვის მიზნით კონდომსა და ლუბრკინატს გამოიყენებ.