ვაგინიზმი

კატეგორია: ჩემი სხეული

იმ შემთხვევაში, თუ:

  • გაქვს ზოგადი და უკიდურესი ვაგინალური შებოჭილობა, წვა ან გაღიზიანება ნებისმიერი ვაგინალური გზით (პენისით, ტამპონით, თითით ან სხვა საშუალებით) პენეტრაციის დროს;
  • გიჭირს ან ვერ ახერხებ პენეტრაციას;
  • გაქვს სერიოზული ტკივილი აქტის მცდელობისას;
  • გიჭირს ან ვერ ახერხებ ტამპონის გაკეთებას;
  • გაქვს ემოციური აშლილობა ან სხვა შესამჩნევი პრობლემები სექსუალური აქტის დროს.

ფონი

ბევრი ადამიანია, ვისაც პრობლემა აქვს პირველი აქტის ან ვაგინალური პენეტრაციის დროს, ან ფიქრობს, რომ მათი აპკი ჯერ კიდევ არ არის „დარღვეული“. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, როცა მიმღები პარტნიორი აღგზნებულია, კარგად დასველებულია, ჰყავს მომთმენი და მგრძნობიარე პარტნიორი, ვაგინალური პენეტრაციის დროს მაინც არის სერიოზული ტკივილი და დისკომფორტი.

აპკი ან გვირგვინი – თხელი მემბრანა, რომელიც მდებარეობს ვაგინის გარშემო, შიგნით, 3-4 სანტიმეტრის სიღრმეზე – როგორც წესი, საერთოდ არ იხევა, აქტის შემდეგაც კი. დაბადებისას, აპკი იკეთებს საკმაოდ პატარა ხვრელებს, რომელიც არამხოლოდ ატარებს მენსტრუალურ სითხეს, არამედ იცავს ვაგინის ჯანმრთელობას. დროთა განმავლობაში, ეს მემბრანა თანდათან იკლებს, პატარა ხვრელები თანდათან იზრდება და ვაგინის შესასვლელის კედლებისკენ მიიწევს. ამ ეროზიას ეხმარება ვაგინალური გამონადენი, ჰორმონები, ზოგადი ფიზიკური აქტივობა, მასტურბაცია, ტამპონის ხმარება და ასაკი. ზოგიერთ (ათასიდან ერთ) შემთხვევაში, აპკი არც იშლება და არც საჭირო ხვრელები არ აქვს, თუმცა არც აქტით არ არის შესაძლებელი მისი „გახევა“. ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება ექიმთან ვიზიტი და მცირე ქირურგიული ჩარევა. მეტი ინფორმაციისთვის ქალწულობასა და მის შესახებ არსებულ მითების შესახებ, წაიკითხე ჩვენი სტატია: 5 მითი ქალწულობის შესახებ.

ამგვარად, თუ აპკის ბრალი არ არის, მაშინ რა ხდება? არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუმცა ეს შეიძლება იყოს ვაგინიზმი, კუნთების უნებლიე სპაზმი ვაგინის ირგვლივ, რომელიც აიძულებს მას, შეიკუმშოს, რაც ართულებს, მტკივნეულს ან სრულებითაც შეუძლებელს ხდის პენეტრაციას, თუნდაც თითის დახმარებით. გახსოვდეს, ვაგინა არის კუნთი, ამიტომ არ უნდა იყოს მოულოდნელი, რომ, როცა იჭიმება, შეიძლება ძალიან მჭიდროდ შეიკუმშოს. დადგენილია, რომ მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 1-7%-ს ემართება ვაგინიზმი.

ხშირი სიმპტომები: 

ფიზიკური სიმპტომების მიუხედავად, ვაგინიზმი არ არის ფიზიკური მდგომარეობა. ის ფსიქოლოგიური (და, შესაბამისად, ფსიქოსომატური მდგომარეობა იწვევს ფიზიკურ სიმპტომებს) სინდრომია, რომელსაც, როგორც წესი, შემდეგი მიზეზები განაპირობებს:

  • წარსული სექსუალური ტრავმა, მაგალითად, გაუპატიურება ან ძალადობა;
  • აღზრდის გამო სექსისგან ან ვაგინის აღგზნებისგან ძლიერი თავშეკავება (მიუხედავად იმისა, აცნობიერებ თუ არა), რომელშიც სექსი ან ვაგინა ასოცირდება სიბინძურესთან, ცოდვასა და ტაბუსთან;
  • სერიოზული ფიზიკური ნაკლი;
  • წარსულში მტკივნეულ აქტზე რეაქცია;
  • სხვა ფიზიკური მდგომარეობა;
  • სექსთან და/ან, ზოგადად, სექსუალურ აქტთან დაკავშირებული შიშები, ფობიები ან ნევროზი;
  • ან სულაც ურთიერთობის პრობლემები. მაგალითად, ისეთ ადამიანთან ყოფნა, რომელიც სექსუალურად არ გიზიდავს და გეშინია ან ნეგატიური რეაქცია გაქვს.

როგორც წესი, ვაგინიზმი დაკავშირებულია მხოლოდ აქტთან ან ვაგინალურ პენეტრაციასთან. ადამიანების უმეტესობა, ვისაც ეს პრობლემა აწუხებს, არ განიცდის ანორგაზმიას (არ აქვთ ორგაზმი), მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ და ისიამოვნონ სხვა სექსუალური აქტივობებისგან. ბევრ მათგანს მარტივად აქვს ორგაზმი და უამრავი სხვა სექსუალური სიამოვნება, რამდენადაც აქტი არ ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაგინიზმის პრობლემის მქონე ადამიანები არ არიან ასექსუალები ან სექსუალურად უფუნქციოები.

რეკომენდებული მიდგომა

ვაგინიზმის სიმპტომების შემთხვევაში, უნდა მიმართო გინეკოლოგს. ვაგინიზმის ტესტის გაკეთება საკმაოდ მარტივია: ჯანმრთელობის ისტორიის გამოკითხვის შემდეგ, გინეკოლოგი, როგორც წესი, ვაგინაში ან მის გარშემო ათავსებს თითს და აკვირდება კუნთის მჭირდო, უნებლიე შეკუმშვას.

მკურნალობა

ვაგინიზმს, როგორც წესი,  მკურნალობს სექს-თერაპევტი, რომელმაც შეიძლება გამოიყენოს მთელი რიგი მეთოდები.

სექს-თერაპევტმა შეიძლება აირჩიოს თერაპია, რომელიც გულისხმობს ვაგინალურ დილატაციას, რომლის დროსაც იყენებენ მთელ რიგ პლასტმასის დილატატორებს, თავიდან მცირე ზომის, მომდევნო ვიზიტებზე კი უფრო დიდებს. თერაპევტმა შეიძლება გამოიყენოს მასტურბაციის თერაპია, რომლის დროსაც პაციენტს ნელა ასწავლიან მასტურბაციას ისე, რომ არ იწვევს მწვავე რეაქციას, თუმცა ანიჭებს ჯანსაღ და კომფორტულ სექსუალურ სიამოვნებას. თუ თერაპიაში მონაწილეობს წყვილი, მათ შეიძლება ასწავლონ სხვა სექსუალური აქტივობები (მაგალითად, ხელით მოფერება ან ორალური სექსი), რათა დროთა განმავლობაში დაამუშაონ აქტი. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს, ვისაც ვაგინიზმი აწუხებს, აქვს უამრავი მცდარი ან ძალიან მწირი ინფორმაცია სექსზე და სქესობრივ ორგანოებზე, მათ შორის ანატომიაზე, სექსუალურ რეაქციასა და სხვა ელემენტარულ დეტალებზე სექსუალობის შესახებ. თერაპევტი იმუშავებს ამ საკითხის მოგვარებაზეც. ხანდახან ზემოხსენებულ მკურნალობის მეთოდებთან ერთად გამოიყენება ჰიპნოზიც.

თუ ადამიანს, რომელსაც ვაგინიზმი აწუხებს, გადატანილი აქვს სექსუალური ძალადობა ან ტრავმა, როგორც წესი, მკურნალობასთან ერთად ურჩევენ ფსიქოლოგთან კონსულტაციასაც.

ადამიანების უმეტესობას, რომელთაც ვაგინიზმის დიაგნოზი დაუსვეს, ურჩევენ, თავი აარიდონ სექსუალური აქტის მცდელობებს, სანამ არ დაამთავრებენ მკურნალობის კურსს. თუ ვაგინიზმთან დაკავშირებული სიმპტომები გაწუხებს და ჯერ არ ყოფილხარ ექიმთან, ჯობია, შეწყვიტო მცდელობები, რაც ტკივილს იწვევს, და მიხვიდე ექიმთან.

საფრთხის დონე

ვაგინიზმი შეიძლება საშიში იყოს, თუ დროულად არ მიხვალ დიაგნოზზე და არ იმკურნალებ, რადგან ასეთ შემთხვევაში შეიძლება იფიქრო, რომ შენ და შენი პარტნიორ(ებ)ი რაღაცას არასწორად აკეთებთ ან ფიზიკურად გჭირს რამე. აქტის ქონა, როცა ვაგინიზმი გაწუხებს, არამხოლოდ ფიზიკურად არის მტკივნეული, არამედ მასზეა დამოკიდებული ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორები და ემოციურად შეიძლება ძალიან რთული იყოს. ასეთი ტკივილის ფონზე აქტის ან სხვა ვაგინალური პენეტრაციის მცდელობების გაგრძელების შემთხვევში, რეაქცია შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოს, რაც კიდევ უფრო გაართულებს მკურნალობის პროცესს.

თუ შეეცდები აქტის ქონას მკურნალობის პროცესში, ფიზიკური საფრთხე არ არსებობს. შემთხვევების 98%-ში, რამდენიმეთვიანმა მკურნალობამ შეიძლება განკურნოს ვაგინიზმი.

უნდა იცოდე ვულვოდინიის შესახებაც. ეს არის სერიოზული და მუდმივი წვა, ტკივილი ან ქავილი ვულვის მიდამოებში, რაც ხშირად ვაგინიზმის დაკავშირებული სიმპტომებია და ჩნდება როგორც მეორადი მდგომარეობა ან შეიძლება გამოიწვიოს ვაგინიზმის მსგავსი სიმპტომები. ვულვოდინიამ შეიძლება ჯდომა და სიარულიც კი გაართულოს. მხოლოდ აშშ-ში 200,000 ქალს აწუხებს იგი. ექიმი, როგორც წესი, ვაგინიზმის შემოწმებისას პაციენტს ვულვოდინიასა და სხვა პრობლემებზეც ამოწმებს.

ვინაიდან ვაგინალური შებოჭილობა და მტკივნეული პენეტრაცია შეიძლება სექსუალური გზით გადამდები დაავადებების სიმპტომებიც იყოს, მნიშვნელოვანია, ექიმთან ვიზიტისას ისიც უთხრა, იყავი თუ არა სექსუალურად აქტიური და/ან გქონდა თუ არა დაუცველი სექსი წარსულში.

დაცვის საშუალებები

ვაგინიზმის პრევენცია შეუძლებელია, რამდენადაც იგი დამოკიდებულია წარსულ გამოცდილებაზე, ტრავმებსა და აღზრდაზე.

თუმცა ბავშვებსა და მოზარდებში შესაძლებელია მისი პრევენცია მარტივად, ისეთ გარემოში აღზრდით, სადაც სექსუალობისადმი ჯანსაღი, ღია და მშვიდი დამოკიდებულება აქვთ, სადაც ტაბუს არ ადებენ მარტივ სექსუალურ საკითხებს. ბავშვებისა და მოზარდების დაცვა სექსუალური ძალადობისგან უაღრესად მნიშვნელოვანია. თუ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდი, ვაგინიზმი არის ერთი მიზეზი მრავალთაგან, რის გამოც მხარდაჭერა, კონსულტაცია ან თერაპია უნდა მიიღო, რათა ფსიქოლოგიურად გათავისუფლდე ძალადობისგან, თუნდაც ეს წარსულში ყოფილიყო. გარდა ამისა, ნებისმიერი მტკივნეული და არაკომფორტული ვაგინალური აქტივობის შეწყვეტა ან მისთვის თავის არიდება არის ვაგინიზმის თავიდან აცილებს კიდევ ერთი გზა.

წყარო: teenhealthsource.com