გავრცელებული მითები აბორტის შესახებ

კატეგორია: აბორტი

საქართველოს კანონმდებლობით აბორტი 12 კვირამდე ნებადართულია, თუმცა ადამიანები მაინც ბევრ ბარიერს აწყდებიან ამ სერვისის მისაღებად. ერთ-ერთი ყველაზე დიდი წინაღობა სწორედ ის გავრცელებული მითები და სტერეოტიპებია, რომლებსაც ამ პროცედურის შესახებ ხშირად ვისმენთ, ამიტომ, ქვემოთ გთავაზობთ იმ მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებიც შენი დაუგეგმავი ორსულობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში შეიძლება დაგეხმაროს.

მითი: აბორტი ჩემ რეპროდუქციულ ფუნქციაზე იქონიებს გავლენას.

ფაქტი: უსაფრთხო, ლეგალურ აბორტს, რომელსაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი ატარებს, ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციაზე გავლენა არ აქვს. პირველი ტრიმესტრის (12 კვირა) აბორტი მარტივი და უსაფრთხო პროცედურაა, და მის გარშემო გავრცელებული მითები და სტერეოტიპები თანამედროვე მეცნიერული მონაცემებით არ დასტურდება. ქალების უმეტესობა, რომლებიც აბორტს იკეთებენ, მაშინვე უბრუნდებიან თავიანთ ბუნებრივ მენსტრუალურ ციკლს. ჩვენი რეკომენდაციაა პროცედურიდან რაც შეიძლება მალე დაიწყოთ, ან გააგრძელოთ, კონტრაცეფციის გამოყენება.

მითი: აბორტი ბევრად უფრო საშიშია ჯანმრთელობისთვის, ვიდრე ორსულობა და მშობიარობა.

ფაქტი: რეალურად, ეს საკმაოდ უსაფრთხო პროცედურაა, როდესაც მას შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი ატარებს. სანდო კვლევებით დასტურდება, რომ ორსულობის გაგრძელება და შემდეგში, მშობიარობა ბევრად უფრო სარისკოა ქალის ჯანმრთელობისთვის, ვიდრე პირველი ტრიმესტრის აბორტი.

მითი: ქალები აბორტს კონტრაცეფციის მაგივრად მიმართავენ.

ფაქტი: აბორტს მიმართავენ მაშინ, როდესაც ადამიანებს კონტრაცეფციამ უმტყუნათ, ან მასთან წვდომა შეზღუდული აქვთ. ქალების უმრავლესობა, რომლებსაც არასასურველი ორსულობა აქვთ, გარკვეული სახის კონტრაცეფციას იყენებს, თუმცა:

  • კონტრაცეფციის არცერთი საშუალება არ იძლევა 100%-იან გარანტიას, მათ შორის არც სტერილიზაცია.
  • ყველა თანამედროვე კონტრაცეფციის მეთოდს აქვს გარკვეული რისკები და/ან გვერდითი მოვლენები.
  • შესაფერისი კონტრაცეფციის პოვნა ყველასთვის მარტივი არ არის.
  • სექსუალური ხასიათის ქცევა ყოველთვის ნებაყოფლობით არ ხდება.
  • ძალადობრივი ურთიერთობები ხშირად ართულებს ქალებისთვის კონტრაცეფციაზე ხელმისაწვდომობას, ან მათ გამოყენებას.

მითი: აბორტი ძუძუს კიბოს იწვევს.

ფაქტი: აბორტი არ ზრდის ძუძუს კიბოს რისკებს. ამ თემაზე უფრო მეტი შეგიძლია აქ წაიკითხო.

მითი: აბორტს მხოლოდ ახალგაზრდა, უპასუხისმგებლო ქალები იკეთებენ.

ფაქტი: აბორტი 12-დან 50+ ასაკის ქალებს გაუკეთებიათ მთელი მსოფლიოს გარშემო და თითოეული მათგანის მიზეზი განსხვავებულია. რწმენა, რომ ამას მხოლოდ „უპასუხისმგებლო“ ქალები აკეთებენ იმას ნიშნავს, რომ „ნამდვილი“ ქალი ნებისმიერ სიტუაციაში თავგანწირული და დედობრივი ინსტინქტების მქონე უნდა იყოს. ამის საპირისპიროდ გვყავს უდარდელი, „თავქარიანი“, უპასუხისმგებლო ქალის არქეტიპი, რომელიც აბორტის გაკეთებით თავის „ბიოლოგიურ პასუხისმგებლობას“ ღალატობს.

არაერთი კვლევა მოწმობს, რომ ამ პროცედურას სხვა და სხვა ასაკის, რელიგიის, განათლების დონის, საქმიანობის, ოჯახური მდგომარეობისა და კონტრაცეფციის მოყვარული ქალები იკეთებენ.

მითი: აბორტი ემოციურ და ფსიქოლოგიურ ზიანს იწვევს.

ფაქტი: დაუგეგმავი ორსულობა ხშირად იწვევს ადამიანებში არასასიამოვნო გრძნობებს, თუმცა, კვლევების მიხედვით, ქალების უმეტესობაზე აბორტს გრძელვადიანი ფსიქოლოგიური გავლენა არ აქვს. ქალები, რომლებიც თვითონ იღებენ თავიანთი სხეულის შესახებ გადაწყვეტილებებს, ზოგადად, ბევრად უფრო თავდაჯერებულად გრძნობენ თავს. თავად აბორტის პროცესი არ არის მატრავმირებელი, მაგრამ სიტუაციას ართულებს ის გზა, რომელსაც ამ სერვისის მისაღებად გავდივართ და ის ადამიანები, რომლებიც ამის გამო განგვსჯიან. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტორებიც, რომლებიც ზრდიან იმის ალბათობას, რომ ადამიანმა გრძელვადიანი ემოციური სტრესი განიცადოს:

  • თუ ქალმა დამოუკიდებლად არ მიიღო ეს გადაწყვეტილება.
  • თუ ქალს დააძალეს, დაარწმუნეს, ან აიძულეს აბორტის გაკეთება.
  • თუ ქალს მისი რელიგიური, ან კულტურული წარმოდგენებიდან გამომდინარე მტკიცედ სწამს, რომ აბორტი არასწორია.
  • თუ ქალს ფსიქოლოგიური პრობლემების ისტორია აქვს.

ფსიქოლოგიურ და სამედიცინო წრეებში მიღებული მოსაზრებაა, რომ აბორტს პოზიტიური ფსიქოლოგიური ეფექტი აქვს, ხოლო არაერთი კვლევა მოწმობს იმას, რომ ე.წ. „პოსტ აბორტის სინდრომი“ მითია.

მითი: აბორტს გაშვილება ჯობია.

ფაქტი: ეს მოსაზრება იმაზეა აგებული, რომ არსებობს უამრავი უშვილო წყვილი, რომლებსაც შვილი უნდათ. ამ პოზიციის თანახმად, ქალები წახალისებულები უნდა იყვნენ, რომ არასასურველი ორსულობა ბოლომდე მიიყვანონ და ჩვილი გააშვილონ. რეალურად, მსგავსი მიდგომა ბევრ ქალს სტრესში აგდებს. მათი უმრავლესობა აბორტს იმიტომ ირჩევს, რომ არ უნდათ ორსულად ყოფნა, არ სურთ ფეხმძიმობის გაგრძელება, მშობიარობა, ან გაშვილება. ქალის სხეულზე ნებისმიერი გადაწყვეტილება ეკუთვნის სწორედ მას და ნებისმიერი სერვისი, რომელსაც ის აირჩევს (იქნება ეს აბორტი, თუ გაშვილება), მხარს უნდა უჭერდეს ქალის ინფორმირებულ არჩევანს.

მითი: აბორტის უფლება, პირველ რიგში, სელექციური აბორტების გაზრდას უწყობს ხელს.

ფაქტი: ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავისუფალი არჩევანის მოწინააღმდეგეები ხშირად იყენებენ მითს, თითქოს აბორტი მდედრობითი სქესის ნაყოფს მეტ ზიანს აყენებდეს. ეს ტაქტიკა, რომელიც ადამიანის უფლებებსა და ფემინიზმს ეფუძნება, ცდილობს აბორტზე წვდომა ყველასთვის შეზღუდული იყოს, მაგრამ რეალურად, ამ მითს არანაირი კვლევა არ უჭერს მხარს.  90%-ამდე აბორტი პირველ ტრიმესტრში ხდება, ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ნაყოფის სქესის გაგებაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სელექციური აბორტების რიცხვი მაღალია, მისი გაკეთების მიზეზები განსხვავდება. ყველაზე ხშირი მიზეზი ისაა, რომ ოჯახს მამარობითი სქესისი ნაყოფი ურჩევნია, თუმცა გამოსავალი ამ დროს არა აბორტის აკრძალვა, არამედ იმ სოციალურ ნორმებსა და განწყობებთან ბრძოლაა, რომლებიც გვასწავლის, რომ ერთი სქესი მეორეზე უკეთესია.

მითი: აბორტი ოჯახებს ანგრევს.

ფაქტი: აბორტისა და ოჯახის ცნებები ერთმანეთს არ უპირისპირდება. ბევრი ადამიანი, ვისაც ეს პროცედურა აქვს გაკეთებული, უკვეა მშობელი და მათ კარგად ესმით რას ნიშნავს ბავშვზე ზრუნვა. მათი არჩევანი განპირობებულია იმით, რომ უნდათ ყველა არსებული რესურსი იმ შვილს, ან შვილებს მოახმარონ, ვინც უკვე ყავთ. ოჯახის დაგეგმვა ოჯახის სტრუქტურას აძლიერებს, რადგან საშუალებას აძლევს ადამიანებს დაგეგმონ რამდენი შვილი იყოლიონ და როდის.

იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ შვილები, ორსულობისა და მშობლად გახდომის დაძალება ოჯახის სტრუქტურას არ გააძლიერებს. ყველამ თავისთვის უნდა გადაწყვიტოს როგორ და ვისთან ერთად უნდათ ოჯახის შექმნა.

მითი: აბორტი დაუბადებელ ბავშვს კლავს და მორალურად არასწორია.

ფაქტი: ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფს ემბრიონი ქვია, რომელიც მეორე ტრიმესტრში ჩანასახად ვითარდება. ამ ადრეულ ეტაპზე იგი ავტონომიური არ არის, რაც ნიშნავს იმას, რომ საშვილოსნოს გარეთ ვერ გადარჩება. აბორტების უმრავლესობა სწორედ ამ ადრეულ ეტაპზე კეთდება. აბორტის აღსაწერად ისეთი გამომწვევი სიტყვების ხმარება, როგორიცაა „მკვლელობა“ და „ბავშვი“, არასწორად უტოლებს რეალურ ადამიანს ემბრიონს – ქსოვილს, რომელსაც მხოლოდ ადამიანად გახდომის პოტენციალი აქვს. პოტენციური არსებობა ვერასოდეს დაუპირისპირდება რეალური ადამიანის უფლებებსა და სხეულის ავტონომიას, რომელიც უკვე ცოცხალია და არჩევანის გაკეთება შეუძლია საკუთარ თავზე, ცხოვრებაზე, და ოჯახზე. ადამიანი ხდები დაბადების შემდეგ და მხოლოდ ამის მერე გენიჭება გარკვეული უფლებები.

აქვე აღსანიშნავია, რომ მორალი სუბიექტური ცნებაა და ის, თუ რა არის „მორალურად არასწორი“ პირადი დამოკიდებულებაა.

მითი: აბორტის კრიმინალიზება შეწყვეტს აბორტის პრაქტიკას.

ფაქტი: აბორტის სტატისტიკა თითქმის ერთნაირია იმ ქვეყნებში, სადაც იგი აკრძალულია და სადაც ეს პროცედურა კანონით ნებადართულია. ეს ამტკიცებს იმას, რომ თუნდაც აბორტი არალეგალური იყოს, ადამინი მაინც პოულობს გზებს მის გასაკეთებლად. კრიმინალიზება აბორტის პრაქტიკას არ შეცვლის, მაგრამ პროცედურას ჯანმრთელობისთვის ბევრად უფრო საშიშს გახდის. საქართველოს ისტორიაში გვაქვს მაგალითები, რომლებიც ცალსახად მოწმობს იმ საშიშ მეთოდებზე, რომლებსაც ადამიანები თვითნებური აბორტისთვის მიმართავდნენ, ან აკითხავდნენ არალიცენზირებული აბორტის სერვისის პროვაიდერებს რეგიონებში, სადაც ეს არალეგალური, ან რთულად მისაღები იყო. არალეგალური აბორტი ხშირად ხდება უშვილობის, ჯანმრთელობის გართულებების, და ხანდახან – სიკვდილის მიზეზიც კი.

მითი: ადამიანის სექსუალობასა და აბორტზე ინფორმაცია ახალგაზრდებს წაახალისებს, რომ სექსი უფრო ადრე ჰქონდეთ და სარისკო ქცევებში ჩაერთონ.

ფაქტი: არაერთი კვლევა მოწმობს იმას, რომ სრულყოფილი, ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება, კონტრაცეფციასა და აბორტზე ინფორმაციის ჩათვლით, აძლიერებს ინდივიდებს და ეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში. ეს ადამიანები მომავალში უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ თავიანთ სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აქვთ დაცული სექსი და უფრო მიუწვდებათ ხელი კონტრაცეფციაზე.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიე: prochoice.org; www.mariestopes.ie; www.sahealth.sa.gov.au; https://www.childrenbychoice.org.au