ბაქტერიული ვაგინოზი

კატეგორია: სგგი

რა არის ბაქტერიული ვაგინოზი?

  • ბაქტერიული ვაგინოზი ბაქტერიული ინფექციაა, როდესაც ვაგინაში ირღვევა ნორმალური ბაქტერიის ბალანსი;
  • ბაქტერიულმა ვაგინოზმა შეიძლება გამოიწვიოს არაკომფორტული შეგრძნებები, მაგრამ ის არ არის საშიში შენი ჯანმრთელობისთვის და არც გადამდები არ არის.

როგორ ჩნდება ბაქტერიული ვაგინოზი?

  • მიუხედავად იმისა, რომ ბაქტერიული ვაგინოზი უმეტესად სექსუალურად აქტიურ ადამიანებს ემართებათ, ის არ არის სექსუალური გზით გადამდები ინფექცია. თუ შენ არ გაქვს ვაგინა, ბაქტერიული ვაგინოზი ვერ დაგემართება;
  • არსებობს ბევრი ფაქტორი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ბაქტერიულ ვაგინოზს. ასეთ ფაქტორებში შედის როგორც ჰიგიენიური საშუალებები, ტამპონები, საფენები, ისე ახალი პარტნიორის ნერწყვი, სპერმა, ასევე, სიგარეტის მოწევა, ანტიბიოტიკების მიღება, ჰორმონალური ცვლილებები და ა.შ.

როგორ უნდა გავიგო, რომ ბაქტერიული ვაგინოზი მაქვს?

  • თხელი, თეთრი ან მონაცრისფრო გამონადენი ვაგინიდან;
  • გამონადენი ვაგინიდან, რომელსაც უცნაური სუნი აქვს, განსაკუთრებით ვაგინალური სექსის შემდეგ;
  • ქავილის და წვის შეგრძნება ვაგინის გარშემო ან ვაგინაში;
  • წვის შეგრძნება შარდვისას ან ვაგინალური სექსის დროს;
  • უამრავ ადამიანს საერთოდ არ აქვს სიმპტომები.

როგორ ხდება ბაქტერიულ ვაგინოზზე ტესტირება?

  • გამონადენის ნახვის შემდეგ, ექიმს შეუძლია გითხრას, გაქვს თუ არა ბაქტერიული ვაგინოზი, თუმცა უმეტესად კეთდება ნაცხის ანალიზი;
  • ბაქტერიული ვაგინოზის სიმპტომები სხვა ინფექციებსაც ახასიათებს, ამიტომ რეკომენდებულია ნაცხის ანალიზი, რათა მიიღო სწორი მკურნალობა.

რა ხდება, თუ ბაქტერიულ ვაგინოზზე ნაცხის ანალიზი დადებითია?

  • როგორც წესი, ბაქტერიული ვაგინოზი რაღაც პერიოდის მერე თავადვე გვარდება, თუმცა, რადგან მას ხანდახან საკმაოდ არაკომფორტული სიმტომები ახასიათებს, შესაძლებელია მკურნალობაც;
  • ექიმი აუცილებლად დაგინიშნავს მკურნალობას, თუ შენ იყენებ საშვილოსნოს შიდა სპირალს, თუ ფეხმძიმედ ხარ ან ცოტა ხნის წინ გაიკეთე ისეთი ქირურგიული ოპერაცია, როგორიცაა აბორტი;
  • კვლევებმა აჩვენა, რომ ბაქტერიულმა ვაგინოზმა შეიძლება გაზარდოს აივ ინფექციით დაინფიცირების შანსი, თუ შენ აივ დადებით ადამიანთან გაქვს დაუცველი ვაგინალური სექსი;
  • ბაქტერიული ვაგინოზის სამკურნალოდ ექიმმა შეიძლება დაგინიშნოს ანტიბიოტიკები. შესაძლებელია მკურნალობა ვაგინალური აბებითა და გელებით;
  • ეცადე, არ მიიღო ალკოჰოლი მკურნალობამდე 24 საათით ადრე და მკურნალობის განმავლობაში;
  • თუ გყავს პარტნიორი, რომელსაც აქვს ვაგინა, ურჩიე, მანაც გაიკეთოს ანალიზი.

როგორ შევამცირო ბაქტერიული ვაგინოზის რისკი?

ზოგიერთ ადამიანს ბაქტერიული ვაგინოზი საერთოდ არ ემართება, ზოგიერთს კი ის პერიოდულად აწუხებს. თუ ბაქტერიული ვაგინოზი პერიოდულად შენც გაწუხებს:

  • თუ შენს პარტნიორს აქვს პენისი, გამოიყენე კონდომი ვაგინალური სექსის დროს;
  • არ გამოიყენო ტამპონები, საფენები ან დასაბანი საშუალებები, რომელიც შეღებილია და შეიცავს პარფიუმს;
  • ატარე კომფორტული, ბამბის ტრუსები;
  • შეეცადე, არ ჩაიცვა ძალიან ვიწრო შარვლები;
  • არ გამოიყენო ვაგინის სპრეები, საპონი ან სხვა საშუალებები, ვაგინა თავად ახდენს თავის თავის გაწმენდას;
  • შეეცადე, რაც შეიძლება მალე გამოიცვალო საცურაო კოსტუმი ან სავარჯიშო ტანსაცმელი.

პრობიოტიკების (კარგი ბაქტერია) ორალურად ან ვაგინალურად გამოყენებამ შეიძლება დადებითად იმოქმედოს ვაგინის მიკროფლორაზე, პრობიოტიკებზე მეტი ინფორმაციისთვის მიმართე აფთიაქებს ან შენს ექიმს.