ალკოჰოლი, ნარკოტიკები და სექსი

კატეგორია: სექსი

სექსუალური აქტივობის ნარკოტიკებსა და ალკოჰოლთან არევამ შეიძლება ზეგავლენა იქონიოს შენს სექსუალურ და ზოგად ჯანმრთელობაზე. ხანდახან ალკოჰოლის ან რომელიმე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ შეიძლება ისეთი რამ გააკეთო, რასაც სხვა დროს არ გააკეთებდი. ამ სტატიაში განვიხილავთ ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებულ რისკებსა და მათი თავიდან აცილების გზებს.

ალკოჰოლისა და ნარკოტიკების შედეგები:

სექსი უნდა იყოს სასიამოვნო გამოცდილება, სიმთვრალემ და ნივთიერებების ზემოქმედებამ შეიძლება დიდი ზეგავლენა მოახდინოს შენს საქციელსა და გადაწყვეტილებაზე. ზოგიერთმა ნარკოტიკმა ან ალკოჰოლის ძლიერმა ზეგავლენამ შეიძლება იმოქმედოს შენს სხეულსა და ემოციებზე. ამ ყველაფერმა კი შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი:

  • დაგავიწყდეს კონდომის გამოყენება;
  • ვერ მიხვდე, იყენებს თუ არა პარტნიორი კონდომს, ან ვერ შეამჩნიო, რომ კონდომი გაიხია ან ჩამოცურდა;
  • არ გახსოვდეს სექსუალური აქტი/გქონდეს დაუცველი სექსუალური აქტი;
  • გქონდეს მტკივნეული სექსუალური აქტი (შენ შეიძლება ნაკლებად მგრძნობიარე იყო ტკივილის მიმართ სიმთვრალეში ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ);
  • გქონდეს სექსი ადამიანთან, ვისთანაც სხვა შემთხვევაში არ გექნებოდა;
  • გქონდეს პრობლემები სექსუალური აქტივობისას, მაგალითად, ერექციის ან ეაკულაციის პრობლემები;
  • ნარკოტიკის მიღება უკვე გამოყენებული ნემსით ზრდის შენს აივ ინფექციით დაავადების რისკს.

თუ თვლი, რომ სარისკო სექსუალური გამოცდილება გქონდა და არსებობს აივ ან სხვა სექსუალური გზით გადამდები ინფექციების გადადების შანსი, სასურველია, დაელაპარაკო შენს ექიმს და ჩაიტარო საჭირო ანალიზებიც, ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.

ალკოჰოლის მიღების დასაშვები ასაკი ყველა ქვეყანაში სხვადასხვაა. მაგალითად, დიდ  ბრიტანეთში ეს ასაკი 18 წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებში – 21. საქართველოში ეს ასაკი 18 წელია, თუმცა ხშირად ხდება ამ აკრძალვის უხეში დარღვევა.

არსებობს ბევრი სარეკრეაციო ნარკოტიკი, თუმცა ძალიან ბევრი ჯერ კიდევ არალეგალურია საქართველოში.

ალკოჰოლის ან სხვადასხვა ნივთიერებების მიღებამ შეიძლება თავი ბედნიერად გვაგრძნობინოს, მაგრამ ამავდორულად შეიძლება ზიანიც მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას. განსაკუთრებით მაშინ, თუ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის არევას გადაწყვეტ. ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ შენ შეიძლება გაგიჭირდეს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გაზარდოს არასასურველი ორსულობისა და სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკი.

გახსოვდეს, რომ კარგი იქნება, თუ იმ ადამიანების გარემოცვაში იქნები, ვისაც ენდობი და ვინც თავს არ მოგახვევს ისეთ საქციელს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის შენს სექსუალურ ჯანმრთელობას.

ისიც გახსოვდეს, რომ სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რეგულაციაა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების შესახებ. მნიშვნელოვანია, იცოდე, რომ ზოგიერთი ნარკოტიკი იმაზე ძლიერია, ვიდრე შენ ფიქრობ და შეიძლება ხანდახან მომაკვდინებელიც კი იყოს.

როგორ შეამცირო რისკი?

  • ყოველთვის გამოიყენე კონდომი! გახსოვდეს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ვერ დაგიცავს სექსუალური გზით გადამდები ინფექციებისგან;
  • ყოველთვის დარწმუნდი, რომ ახალ ნემსს იყენებ, იქნება ეს სამედიცინო ჩარევების დროს, ტატუს გაკეთებისას, თუ სხვა შემთხვევებში. გამოყენებული ნემსი მნიშვნელოვნად ზრდის ინფექციების გადადების რისკს.

თუ თვლი, რომ შეიძლება არსებობდეს არასასურველი ორსულობის ან სექსუალური გზით გადამდები ინფექციების რისკი, აუცილებლად მიმართე ექიმს და ჩაიტარე საჭირო ანალიზები.

წყარო: avert.org