პაპილომა ვირუსი და ვაქცინაცია

კატეგორია: სგგი

საშვილოსნოს ყელის კიბო ყოველწლიურად დაახლოებით 500,000 ქალზე ახდენს გავლენას, რომელთა 80% განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს. პრაქტიკულად საშვილოსნოს ყელის კიბოს ყველა შემთხვევა ადამიანის პაპილომა ვირუსის შედეგია. კარგად ორგანიზებულმა სკრინინგის პროგრამებმა და ვაქცინაციის შემოღებამ 2006 წელს საგრძნობლად შეამცირა სიტუაცია, თუმცა განვითარებად ქვეყნებში, სადაც რესურსები მწირია, პაპილომა ვირუსი კვლავ რჩევა ფართოდ გავრცელებული სექსუალური გზით გადამდები ინფექციების სათავეში.

პაპილომა ადამიანის დნმ-ის ვირუსია, რომელიც ზეგავლენას ახდენს ადამიანის ბაზალურ ეპითელურ (კანი და ლორწოვანი გარსი) უჯრედებზე. არსებობს საერთაშორისო კონსენსუსი რომ “მაღალი რისკის”, მათ შორის, 16, 18, 31, 33, 35, 39, 45, 51, 52, 56, 58, 59 და 66 გენოტიპებს შეუძლიათ საშვილოსნოს ყელის კიბოს გამოწვევა და ასევე დაკავშირებულია სხვა, კერძოდ, თავისა და ყელის კიბოს შემთხვევებთან.

სხვა, “დაბალი რისკის” გენოტიპებით ინფიცირების შემთხვევაშიც აღინიშნება საშვილოსნოს ქსოვილების ცვლილება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს კონდილომების (მცირე წანაზარდები ვაგინის მიდამოებში) გაჩენით. “დაბალი რისკის” მქონე გენოტიპები უმეტესად ასიმპტომურია და არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას, მათი 90% თავისით ქრება 1-2 წელიწადში.  

როდესაც პაპილომა ვირუსზე ვსაუბროთ, აუცილებელია, ვახსენოთ მისი საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელმაც გარდატეხა მოახდინა სამედიცინო სფეროში, თუმცა მისი გავრცელება და მის გარშემო არასწორი ინფორმაციის გაქარწყლება კვლავ რჩება პრობლემად.

ახლახან გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია, თუ როგორ აპირებს ავსტრალია, დაამარცხოს საშვილოსნოს ყელის კიბო მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამით, რომელიც არამარტო ვაქცინაციას, არამედ აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების განათლებასაც ითვალისწინებს.

რატომ ვფიქრობთ, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა მნიშვნელოვანია?

პაპილომა ვირუსი პასუხისმგებელია საშვილოსნოს ყელის კიბოზე, სწორედ პაპილომა ვირუსის რამდენიმე სახეობა შეიძლება იწვევდეს მას და ამ ვირუსის შემცირება ავტომატურად გამოიწვევს საშვილოსნოს ყელის კიბოს შემთხვევების კლებას. ავსტრალია ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, როდესაც პაპილომა ვირუსზე ვსაუბრობთ, მათმა ეროვნულმა სამედიცინო სისტემამ პირველად 2007 წელს დაიწყო უფასო, სამეტაპიანი აცრები მოზარდ გოგონებში. 2013 წელს პროგრამაში ჩაერთვნენ მოზარდი ბიჭებიც, რადგან ისინი შეიძლება გახდნენ ვირუსის მატარებელი და გადასდონ ის პარტნიორებს. ავსტრალიის კიბოს საბჭოს მონაცემებით, ვაქცინაციის შემოღების შემდეგ, საშვილოსნოს ყელის კიბოზე პასუხისმგებელი პაპილომა ვირუსის შემთხვევები 77%-ით შემცირდა. ამჟამად ავსტრალიას საშვილოსნოს ყელის კიბოს შედეგად სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მსოფლიოში. თუმცა ეს შედეგი მხოლოდ ვაქცინაციის შემოღებას არ მოუტანია, მასთან ერთად მთავრობა აქტიურ კამპანიებს აწარმოებდა და მოსახლეობის განათლებას უწყობდა ხელს, სკოლებში ვაქცინაციის პროგრამასთან ერთად დაინერგა ზრდასრულ ქალთა პროგრამები, რომელიც პაპილომა ვირუსის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ახორციელებდა.

სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებმა უფრო ნელი განვითარების ტემპი აირჩიეს, ფართოდ გავრცელებულმა არასწორმა ინფორმაციამ ვაქცინების შესახებ ზოგიერთი ქვეყნის პროცესი საკმაოდ შეანელა. საშვილოსნოს ყელის კიბო კი რჩება მეოთხე ადგილზე ქალებში ყველაზე გავრცელებული სიმსივნეების სიაში. ვაქცინის შემქმნელები თვლიან, რომ ავტრალიას ძალიან გაუმართლა, რადგან ქვეყნის მთავრობამ სწორი აქცენტები გააკეთა პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

რა მდგომარეობაა საქართველოში?

სწორედ აღნიშნული სტატია გახდა მიზეზი, კიდევ ერთხელ მოგვეძებნა ინფორმაცია, რა მდგომარეობა გვაქვს საქართველოში ვაქცინაციის მხრივ. სამწუხაროდ, სოციალური მედიისა და ყვითელი პრესის პოპულარობის ზრდასთან ერთად, იზრდება არასწორი ინფორმაციის გავრცელების არხებიც. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანო სტატია ერთ-ერთი ქართული ვებ-გვერდიდან, რომელიც ძალიან პოპულარულია მომავალ და ამჟამინდელ დედებში. სტატიაში ვკითხულობთ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრას. უარყოფით მხარეებში წარმოდგენილია ამერიკელი ექიმის მონაცემები, რომელიც ამტკიცებს, რომ პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა იწვევს უნაყოფობას ქალებში და აქვს სხვა ბევრი გვერდითი მოვლენა, მათ შორის კიბოც. თუმცა, თუ ზედმეტ 5 წუთს დავუთმობთ სტატიას და მოვძებნით ექიმს, აღმოვაჩენთ, რომ მან სამედიცინო საქმიანობა რამდენიმე წლის წინ შეწყვიტა და იგი საკუთარ სამედიცინო ვებ-გვერდს მხოლოდ ფულადი სარგებლისთვის მართავს. ამერიკის საკვების და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციამ (FDA) რამდენიმე გაფრთხილება უკვე გაუგზავნა ექიმს არასწორი სამედიცინო რჩევებისა და სტატიების გამოქვეყნების თაობაზე. ეს ექიმი ეწინააღმდეგება ყველა ვაქცინას და იმის გათვალისწინებით, რომ ვაქცინებმა მილიონობით ბავშვი გადაარჩინა სიკვდილს, ადვილი მისახვედრია, რომ ასეთი ექიმის აზრის, როგორც მეცნიერული ფაქტის, მოყვანა სისულელეა.

ეს მაგალითი ნათლად გვაჩვენებს, რომ ვაქცინაციასთან ერთად გვჭირდება საგანმანათლებლო ღონისძიებები, მათ შორის მედია-წიგნიერების სწავლება, რათა მოსახლეობამ შეძლოს ნამდვილი და ცრუ ინფორმაციის გარჩევა.

საქართველოში ხელმისაწვდომია პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2008-2009 წელს დაბადებული გოგონებისთვის. ვაქცინაციისა და ზოგადად ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოების ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს. ცენტრის საკონტაქტო ინფორმაციისა და სტატიების მოძიება აღნიშნულ საკითხზე შესაძლებელია ცენტრის სოციალური მედიასა და ვებ-გვერდზე:

მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რამდენად გადამწყვეტი როლი აქვს ვაქცინაციას, სკრინინგსა და საკუთარი ჯანმრთელობის მუდმივ, ყოვეწლიურ შემოწმებას, რადგან მხოლოდ ამ ყველაფრის შედეგად შეიძლება შევამციროთ პაპილომა ვირუსის შემთხვევები და პარალელურად საშვილოსნოს ყელის კიბოს რიცხვი.

საქართველოში ასევე დანერგილია უფასო სკრინინგის პროგრამა, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ხელმისაწვდომია ძუძუს გამოკვლევები – 40-70 წლის ქალებისთვის, საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები – 25-60 წლის ქალებისთვის. გამოკვლევების შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ეროვნული სკრინინგ ცენტრის ვებ-გვერდზე: http://gnsc.ge/

გამოკვლევაზე ჩასაწერად უნდა დარეკოთ: 322 203 535